საფრანგეთში დღეს მასობრივი გაფიცვაა გამოცხადებული
საფრანგეთში დღეს საპენსიო რეფორმის საწინააღმდეგო, საყოველთაო გაფიცვა გამოცხადდა.
ქვეყანაში სარკინიგზო მიმოსვლა უკვე პრაქტიკულად პარალიზებულია, გაფიცვასს აანონსებენ ასევე პარიზში, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე დასაქმებულები.
ეროვნულ სარკინიგზო კომპანიაში SNCF-ში განაცხადეს, რომ 5 დეკემბერს ჩქაროსნულ მატარებლებზე მოძრაობა მხოლოდ 10%-ით შესრულდება. რეგიონალურ ხაზებზე მატარებლების მხოლოდ 20% იმოძრავებს. კომპანიის დირექციაში ვარაუდობენ, რომ სარკინიგზო მიმოსვლა 12 დეკემბრამდე იქნება გართულებული.
სამოქალაქო ავიაციის დირექციაში განაცხადეს, რომ დღეს აეროპორტებში ყოველი მეხუთე ავიარეისი არ შესრულდება. Air France-მა შიდა რეისების 30%, ხოლო 15% საერთაშორისო გააუქმა.
მასწავლებლების გაფიცვის გამო საჯარო სკოლების 2/3 დაკეტილია. ასევე გაფიცულები არიან ენერგეტიკოსები, ავიადისპეტჩერები და საავადმყოფოები. გარდა ამისა, საპროტესტო აქციებს მართავენ პოლიციელები და სასამართლოების თანამშრომლები.
ქვეყნის მასშტაბით, 245 აქციაა დაგეგმილი.
პარიზში არეულობების არიდების მიზნით უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული.
მასობრივი პროტესტის მიზეზი საპენსიო სისტემის რადიკალური ცვლილებაა. რეფორმაში საუბარია საპენსიო ქულების დაგროვების სისტემაზე გადასვლაზე.
პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ადმინისტრაციის განცხადებით, ცვლილება მიმართულია საფრანგეთის არეული საპენსიო სისტემის შემსუბუქებაზე.
მთავრობა კანონით დადგენილ საპენსიო ასაკს – 62 წელს, არ შეცვლის, მაგრამ ახალი პირობები დასაქმებულებს მეტ შრომას აიძულებს.
მთავრობა რეფორმის გატარებას პარლამენტში 2020 წლის დასაწყისში გეგმავს.