ამირან სალუქვაძე ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტზე: პრობლემა ორმაგი სტანდარტებია, თქვენ რომ თვალებს ხუჭავთ, განა ყველას უბნელდება

ექსპერტი ამირან სალუქვაძე “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის, ნინო ბურჯანაძის რუსეთში წასვლის საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, პრობლემა ბურჯანაძის მოსკოვში ჩასვლა კი არა, ორმაგი სტანდარტებია.

“ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ჩასვლასთან დაკავშირებით.
პრობლემა ის კი არაა, რომ ნინო ბურჯანაძე მოსკოვში ჩავიდა, ან ის რომ ირმა ინაშვილი ჩადის.
მე მათ მოლაპარაკებების სტრატეგიაში, უბლოკო სტატუსის გარანტიების და საფასურის გარეშე გამოცხადებაში, გარკვეული საკითხების შეფასებებში არ ვეთანხმები. დებატებშიც ვმჯდარვარ მასთან და ღიად მაქვს (უამრავჯერ) ნათქვამი, რომ რუსეთთან დიალოგი აუცილებელია, ოღონდ სწორად.
პრობლემაა:
1. როცა მას გარკვეული პირები მოღალატეს ეძახიან და შემდეგ ერთად დგანან. ის რომ ეს არაა საარჩევნო ბლოკი, ვერ “აპრავებს” თქვენს ორმაგ სტანდარტებს. იგივე სხვა დროს, სხვა სიტუაციაში სხვას რომ გაეკეთებინა, ჩაქოლავდით, საყოველთაო დევნას მოუწყობდით, მტრად შერაცხავდით, პუტინის მონებს დაუძახებდით. იგივე ეხება მათ, ვის მიმართაც ჯაშუშობის მუხლით ს/ს საქმეები იყო აღძრული;
2. როცა ეს ვიზიტი ხელმოცარული აქციების ფონზე ხდება და გინდათ დაგვაჯეროთ, რომ 1,5 თვის წინ დაიგეგმა და აქციებთან კავშირში არაა;
3. როცა ძეგლის გახსნაზე პუტინთან დგომაზე ქარიშხალი იყო სრულიად საქართველოს ტელევიზიებში და კრემლში წასვლას არ იმჩნევთ;
4. როცა გავრილოვის სპიკერის სავარძელში დაჯდომა (რომ არ უნდა დამჯდარიყო და სხვაგან უნდა ჩაეტარებინათ საკამათო არაა) ხალხს ისე მოაჩვენეთ, თითქოს სპიკერად დაგვინიშნეს. ირაკლი კობახიძის სიტყვა, რომელშიც თავზე დაახურა რუსეთს სხვა დელეგაციების თანდასწრებით, ტელევიზიებმა არ გააშუქეს და საკითხი, რის გამოც შეიძლებოდა პოლიტიკური დებატების ან მშვიდობიანი აქციების ფარგლებში ოცნებისთვის პრესტიჟული ზიანი მიგეყენებინათ, რევოლუციის მცდელობად აქციეთ, პარლამენტის შტურმი სცადეთ და ორი საათი პოლიციელებს ურტყით. შედეგებზე პასუხის აღება არ გსურთ. გავრილოვის ბოსთან, ოკუპანტი ქვეყნის “ლოგოვოში” თქვენი თემატური თანამოაზრის ვიზიტს არ იმჩნევთ, თითქოს ეს თქვენ არ გეხებათ;
5. როცა ბურჯანაძის წინა ვიზიტებისას ტელევიზიები “ფეთქდებოდა”, ოკუპანტ ქვეყანაში ჩავიდაო, ინაშვილის თანაპარტიელების ვიზიტებს კი “ოცნებას” აბრალებდით;
6. როცა ჩამობრძანდება, ან არაფერს შეიმჩნევთ, ან თავზე ზღაპარს მოგვახვევთ, ისპეკულირებთ, თითქოს ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული პირების გასათავისუფლებლად იყო ჩასული და ა.შ. ისევ ერთად გააგრძელებთ პროპორციული სისტემის მოთხოვნას, რომელიც ასევე მეცხრეხარისხოვანია, უბრალოდ მუხტის აწევის მიზეზია.
7. როცა TANAP-ის გახსნა არ შეიმჩნიეთ, არც გააშუქეთ, თითქოს არაფერი მომხდარა, ხოლო შარშან დელეგაცია რომ არ წავიდა ნაკლებმნიშვნელოვან ღონისძიებაზე, ცა ჩამოაქციეთ;
8. როცა ნატოს სამიტის დაწყება არ გააშუქეთ;
9. როცა ევროსაბჭოს 6 თვით თავმჯდომარეობას ისე ნათლავთ და ხაზს უსვამთ, რომ რიგით მიგვიწია, თორემ მთავრობა არაფერ შუაშია;
10. როცა ბილეთს სხვას უღებთ და თქვენ მიდიხართ;
11. პრობლემაა ორმაგი სტანდარტები.
თქვენ რომ თვალებს ხუჭავთ, განა ყველას უბნელდება?!”-წერს ამირან სალუქვაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები