გიორგი მოსიძე ბალტიის ასამბლეის ყოველწლიური მედლით დაჯილდოვდა
ლატვიაში, რიგაში ბალტიის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 38-ე სესია გაიმართა, რომელშიც საქართველოს პარლამენტის წევრმა, გიორგი მოსიძემ მიიღო მონაწილეობა.
ბალტიის ასამბლეის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაზე, სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეასა და ბალტიის ასამბლეას შორის თანამშრომლობის გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის, გიორგი მოსიძე ბალტიის ასამბლეის სპეციალური მედლით დაჯილდოვდა. ბალტიის ასამბლეა ყოველწლიურად ანიჭებს სპეციალურ ჯილდოებს ლიტერატურის, ხელოვნების, მეცნიერებისა და გამომგონებლობის სფეროებში, აგრეთვე ბალტიისპირეთთან მჭიდრო თანამშრომლობის დარგში.
სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის სახელით გამოსვლისას, გიორგი მოსიძემ ისაუბრა საქართველოს მიერ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადადგმულ ნაბიჯებზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. ყურადღება გაამახვილა რუსეთის ფედერაციის დესტრუქციულ ქმედებებზე, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონის სტაბილურობასა და განვითარების შესაძლებლობას, აგრეთვე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების საკითხზე.
გიორგი მოსიძემ ხაზი გაუსვა სუამ-ის წევრ ქვეყნებსა და ბალტიისპირეთის სამ სახელმწიფოს შორის მჭიდრო, კოორდინირებულ და შედეგზე ორიენტირებულ საპარლამენტო თანამშრომლობის მნიშვნელობას.
ბალტიის საპარლამენტო ასამბლეის 38-ე სესიაზე დელეგატებს სიტყვით მიმართეს ლიტვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის პარლამენტების თავმჯდომარეებმა, ბენელუქსის, სკანდინავიისა და შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეების წარმომადგენლებმა.