“საქართველო – ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა“ – “ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია ახალგაზრდულ კვირეულს იწყებს

ევროპის საბჭოს თავმჯდომარედ საქართველოს არჩევასთან დაკავშირებით, პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს’’ ახალგაზრდული ორგანიზაცია ახალგაზრდულ კვირეულს სახელწოდებით – “საქართველო – ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა“ იწყებს.

ახალგაზრდული კვირეული დღეს, 20:00 საათზე, განახლებულ ორბელიანის მოედანზე კონცერტით გაიხსნება.

კვირეულის ფარგლებში “ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით თბილისსა და რეგიონებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები. გაიმართება საინფორმაციო კამპანიები თემაზე: “რატომ ევროპა?’’, აქცია-პერფორმანსები, ქუჩის მხატვრობის ფესტივალი და სხვა.

“ახალგაზრდული კვირეული“ 7 დეკემბერს თბილისში საზეიმოდ დაიხურება.

დამატებითი ინფორმაცია:

საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა 2019 წლის 27 ნოემბრიდან გახდა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქვეყანამ საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარეობა ჩაიბარა.

ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა საქართველოს საფრანგეთიდან გადმოეცა და 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით იქნება.

6 თვის პერიოდში საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა საკუთარი წვლილი შეიტანოს ორგანიზაციის ღირებულებებისა და პრინციპების დაცვაში. საქართველო, როგორც ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, კიდევ ერთხელ ადასტურებს მის ერთგულებას ევროპის საბჭოს ძირითადი პრინციპების მიმართ.

ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობისთვის საქართველომ ოთხი პრიორიტეტი განსაზღვრა:

1. ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა;

2. სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;

3. ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება – აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება;

4. დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები