ხულოში სამი საბავშვო ბაღი გაიხსნა
სოფელ ვაშლოვანში, ბეღლეთსა და ბოძაურში ახალი თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღები გაიხსნა და სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დაიწყო. მაღალმთიან აჭარაში ახალი საბავშვო ბაღები აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, განათლებისა და კულტურის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა და ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ ბერიძემ მოინახულეს.
ახლადგახსნილ საბავშვო ბაღებში 27 ადგილობრივი დასაქმდა. ამჟამად, სააღმზრდელო დაწესებულებებში 62 ბავშვია რეგისტრირებული. ჯამში, სამივე საბავშვო ბაღს 96 მდე ბავშვის მიღება შეუძლია. საბავშვო ბაღების მშენებლობა ადგილობრივი თვითმართველობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ხელისუფლების წევრების საზოგადოებასთან ღია შეხვედრების ფარგლებში, მოსახლეობა სწორედ ბაღების ნაკლებობის საკითხს სვამდა.
ხულოს მუნიციპალიტეტში უკვე 23 საბავშვო ბაღი და 3 ალტერნატიული ჯგუფი ფუნქციონირებს, სადაც სკოლამდელ განათლებას შვიდასამდე ბავშვი იღებს.
2020 წელს დაგეგმილია კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სოფელ დიოკნისში. დაიწყო თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლის მშენებლობა სოფელ ბეღლეთში, რომელიც 144 მოსწავლეზეა გათვლილი. შენობა იქნება სრულად ადაპტირებული. პროექტით გათვალისწინებულია ღია და დახურული სპორტული მოედნოს, ბიბლიოთეკის, ლაბორატორიების და სააქტო დარბაზის მოწყობა.