„არ დაჯდე საჭესთან ნასვამი“ – შსს-მ კონკურსის გამარჯვებულები დაასახელა
შინაგან საქმეთა სამინისტროში სოციალური კამპანიის ფარგლებში -„არ დაჯდე საჭესთან ნასვამი“ – კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა. კონკურსი ერთი თვის მანძილზე შსს-ს სოციალურ ქსელებში მიმდინარეობდა და ორი გამარჯვებული გამოავლინა: საუკეთესო ფოტოსურათის ავტორი ცოტნე გეგეჭკორი და გამარჯვებული სლოგანი – „ნუ დალევ საჭესთან სიცოცხლის“ ავტორი ლადო გოგოლაძე. გამარჯვებულებს სამინისტროსგან საჩუქრად ლეპტოპები გადაეცათ. გამარჯვებული ფოტო და სლოგანი დატანილია სამგვერდიან პილონებზე, რომლებიც ერთი კვირის განმავლობაში თბილისის პოლიციის შენობებში განთავსდება. სოციალური კამპანიის – „არ დაჯდე საჭესთან ნასვამი“ – ფარგლებში დამზადდა ვიდეორგოლები, რომლებიც სატელევიზიო ეთერებსა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა. კამპანიის მიზანი ნასვამი მძღოლების მიერ ავტომანქანის მართვის პრევენცია იყო, ასევე, საზოგადოების ინფორმირება იმის შესახებ, თუ რა საფრთხეს უქმნის ნასვამი მძღოლი საკუთარ თავსა და გვერდით მყოფ ადამიანებს. 2013 წელს შსს-ს საპატრულო პოლიციის სამოქმედო ტერიტორიაზე მძღოლის არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნის მიზეზით 228 საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევა დაფიქსირდა. დაიღუპა 27 და დაშავდა 327 ადამიანი. ნასვამ მდგომარეობაში ავტომანქანის მართვის გამო კი 1665 მძღოლი დაჯარიმდა.