ვახტანგ ჭარაია: პროექტი “100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს” მინიმუმ 150 მილიონი ლარის შემოსავალს და რამდენიმე ათას ახალ სამუშაო ადგილს მოიტანს
ორგანიზაცია „სექტორი 3″ – ის ექსპერტის, ვახტანგ ჭარაიას განცხადებით, პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს” მინიმუმ 150 მილიონი ლარის შემოსავალს და რამდენიმე ათას ახალ სამუშაო ადგილს მოიტანს.
პროექტის პრეზენტაცია დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან ერთად გამართა. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლები.
ვახტანგ ჭარაიამ იმედი გამოთქვა, რომ მთავრობა თავისი პოზიტიური ქმედებით კიდევ უფრო აქტიურად შეუწყობს ხელს ბიზნესის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, შედეგად კი – ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას.
“იმის ფონზე, რომ საქართველოში უმუშევრობა წლების განმავლობაში ნომერ პირველ პრობლემად ცხადდება (12.7%), ხოლო უცხოურ ინვესტიციებში ახალი გამოწვევებია მთელი რეგიონის მასშტაბით, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ განაგრძოს პროაქტიული ქმედებები ბიზნესის დასაინტერესებლად. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს შეთავაზებები ხელმისაწვდომი იყოს არამხოლოდ თბილისსა და სხვა უკვე ჩამოყალიბებულ რეგიონულ ცენტრებში (უცხოური ინვესტიციების 81% მხოლოდ თბილისზე მოდის), არამედ მათ ფარგლებს გარეთაც, რათა ინკლუზიურობის და გადანაწილების პრინციპები იყოს დაცული,” – წერს ექსპერტი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ საქართველოს ჯერ კიდევ გააჩნია სხვადასხვა მასშტაბის მრავალი საპრივატიზაციო ობიექტი, რომლებიც რაც შეიძლება ოპერატიულად უნდა გასხვისდეს.
„თუმცა, საპრივატიზაციო ობიექტების გარდა საინტერესო იქნება სახელმწიფომ ბიზნესს აგრეთვე ბიზნეს პროექტებიც შესთავაზოს, საუკეთესო შემთხვევაში კი კლასტერული განვითარების ჭრილში წარმართოს თავისი საქმიანობა,” – განაცხადა ორგანიზაცია „სექტორი 3″ – ის ექსპერტმა ვახტანგ ჭარაიამ.