ვახტანგ გომელაური: სამართალდარღვევა იყო შეშის სროლა, შეშას რომ შემოიტან და თავში ჩაარტყამ ადამიანს ეს ნორმალურია?

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე პარლამენტთან მიმდინარე აქციებზე განვითარებულ მოვლენებზე გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, საზოგადოებამ იხილა, თუ როგორ ისროდნენ აქტივისტები შეშას პოლიციის მიმართულებით.
მინისტრის განმარტებით, ამის გამო, აიკრძალა მომდევნო დღეებში შეშის შეტანა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე.
„შეშას ისროდნენ წინა დღეებში, რის შედეგადაც დაშავდნენ პოლიციელები. ნახეთ, რომ ჩვეულებრივ ენთოთ შეშაც, ედგათ კასრები – როდესაც კანონიერი მოთხოვნა მიიღეს გადადით გზიდან, ეს ყველაფერი იარაღად გამოიყენეს, მათ შორის ბეტონის ნანგრევებს გვესროდნენ, აქედან გამომდინარე მოხდა ამ ყველაფრის შეტანის აკრძალვა.

სამართალდარღვევა იყო შეშის სროლა, შეშას რომ შემოიტან და თავში ჩაარტყამ ადამიანს ეს ნორმალურია?
პირობები გათბობისთვის ჰქონდათ, შეეძლოთ შეეტანათ გენერატორები – ჩაერთოთ გამათბობლები და გამთბარიყვნენ. ეს რომ ნახეს, ამას არ ვუშლიდით – გამათბობლები არ გვინდაო. ჭიდაობა უნდოდათ. ხო ხედავთ ყველა უნდათ, რომ ვეჭიდაოთ, ვცემოთ – არ ვაკეთებთ ამას.

დაკეტილი ჰქონდათ გზა და იქიდან გამომდინარე მოხდა მათი დაშლა. რაც შეეხება წყლის ჭავლის გამოყენებას, ამას მსოფლიოს ყველა ქალაქში იყენებენ.

წყლის ჭავლი საჭირო იყო, აბა რით უნდა დაგვეშალა – ხელკეტებით, გაზით, ტყვიებით? დაგვეკეტა გზები და გვეცემა ადამიანები? რაც მოხდა 7 ნოემბერს, 26 მაისს, ასე უნდა დაგვეშალა? რაც საჭირო იყო, მშვიდობიანად მოხდა დაშლა. ძალის გადამეტება არ მომხდარა, თუ თვლიან რომ იყო შეუძლიათ მიმართონ პროკურატურას, სახალხო დამცველს, სხვადასხვა უწყებებს.

სამი ადამიანი რომ დაშავდა სამწუხაროა რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა წყლის ჭავლი თვალში, რომ შეესხა ადამიანს. ხელი ეტკინა ერთს იქ შეჯახებაში, ერთმანეთთან ჭიდაობაში, რა დღეში იყვნენ კი ხედავდით, ერთმანეთს ახტებოდნენ სამწუხაროდ და აწვებოდნენ, რომ ძალა გამოეყენებინათ პოლიციის წინააღმდეგ.

სამწუხაროდ ჩვენთან საქართველოში, პოლიცია თუ ფარით მიაწვება ეს არის კანონდარღვევა. თუ პოლიციელს ხის ნაჭერი ან ქვა მოხვდება, მიიღებს დაზიანებებს – ეს მიაჩნიათ ჩვეულებრივ მოვლენად. ამ დღეებში პარლამენტის უკანა მხარეს მედიის ყველა კამერა მუშაობდა, მუშაობდნენ დრონები – პარლამენტის უკან პირველად რომ მოუწოდეს დაიშალეთო, რა მოხდა შემდეგ ხომ ყველამ ნახეთ.

ეს არის ჩვენი უბედურება, რომ ვერ ხედავთ პოლიციაზე ძალადობას. ხედავთ მხოლოდ, პოლიცია თუ მიაწვება ელემენტარულად და გაწევს ხალხს”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები