“სახელმწიფოს ბლოკირების მცდელობის უფლება არ უნდა მივცეთ არავის, სახელმწიფომ კიდევ უფრო კონცენტრირებულად უნდა იზრუნოს მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე”

“მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსს გამოხატვის თავისუფლებად შეიძლება მიაჩნია პოლიციელის შეურაცხყოფა, პარლამენტში შეჭრა, ან თუნდაც პარლამენტის პიკეტირება, ჩვენ, სახელმწიფო სრულად ვიაზრებთ ქვეყნის დემოკრატიზაციის მნიშვნელობას და მსგავს ნაბიჯებზე ჩვენი პასუხი იქნება სრულად კანონიერი, გააზრებული იმ პასუხისმგებლობით, რომელიც გვაქვს ჩვენი მოქალაქეების წინაშე”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, სახელმწიფო სრულად ადასტურებს, რომ საქართველოში გამოხატვის თავისუფლება დაცულია.
„ბოლო დღეების განმავლობაში, ერთმნიშვნელოვნად აშკარად ჩანს, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ყველა ეს დესტრუქციული ქმედება მიზნად ისახავს სახელმწიფოს ბლოკირებას. ეს არ ნიშნავს ცალკეული ინსტიტუტების ბლოკირებას, ეს ნიშნავს სრულად სახელმწიფოს ბლოკირებას. ამიტომ, მინდა მოგიწოდოთ თითოეულ თქვენგანს, გავაორმაგოთ ყურადღება და კონცენტრაცია, რადგან ყოველდღიურად, ჩვეულებრივ რეჟიმში გავაგრძელოთ სახელმწიფოს ინსტიტუტების ეფექტური ფუნქციონირება, რამეთუ ჩვენი ვალდებულებაა, ვიზრუნოთ თითოეულ მოქალაქეზე, თითოეულ მასწავლებელზე, თითოეულ ექიმზე, პოლიციელზე, რიგით მოქალაქეებზე. ეს არის სახელმწიფოს და მთავრობის ძირითადი მოვალეობა, რაც ჩვენ უნდა შევასრულოთ ყოველდღიურ რეჟიმში, რაც არ უნდა ხდებოდეს პოლიტიკურ პროცესში და მიუხედავად იმისა, ვინც არ უნდა ცდილობდეს სხვადასხვა დესტრუქციული ქმედებებით სახელმწიფოს ბლოკირებას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი გახარიას თქმით, პოლიტიკური პროცესი უნდა მიმდინარეობდეს მედიაში, პარლამენტში, შესაძლოა, ქუჩაშიც, თუმცა კანონის სრული დაცვით და საბოლოო ჯამში ეს არის პროცესი, რომელიც ლოგიკურად, საარჩევნო უბანზე სრულდება.
„ჩვენ, მთავრობას გვაქვს ვალდებულება თითოეული მოქალაქის წინაშე და ჩვენი ვალდებულება მდგომარეობს იმაში, რომ არ მივცეთ არავის უფლება, მიუხედავად მრავალგზის დესტრუქციული ქმედებებისა, სახელმწიფოს ბლოკირების მცდელობისა, რაიმე დესტრუქციული ქმედება გადმოვიდეს ჩვენს ბიუროკრატიაზე. ჩვენი ბიუროკრატია, ჩვენი სახელმწიფო მოხელეები, უნდა იყვნენ აბსოლუტურად ეფექტურები და კიდევ უფრო კონცენტრირებულად უნდა იზრუნონ მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე და ყოველდღიურ პრობლემებზე”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები