20-21 ივნისის მოვლენების დროს, აქციის დაშლისას დაკავებული: ციხეში ოპოზიციის ლიდერებზე ჩვენების მიცემას მაიძულებდნენ

20-21 ივნისის მოვლენების დროს, აქციის დაშლისას დაკავებული ზურაბ ბუდაღაშვილის განცხადებით, მას ციხეში ნიკა მელიას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ.

როგორც ზურაბ ბუდაღაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, ჩვენების არ მიცემის გამო მასთან მისული პირები დაემუქრნენ.

“6 ივლისს, ღამით, პირველის ნახევარზე კარი გაიღო, კარანტინში 4 ვიყავით. დასალაგებლად შემოვიდნენ. საკანი დალაგდა, საკანში მარტო მე შევედი, დანარჩენი გადაანაწილეს. ვიფიქრე, რადგან პოლიტიკური მუხლი იყო, იგივე მუხლით დაკავებულებს შემოიყვანდნენ. 3-4 წუთში ორი პიროვნება სამოქალაქო ტანსაცმლით შემოვიდა, არც დამალეს, პირდაპირ მითხრეს, მე თუ არ ვიტყოდი ოქრუაშვილზე, მელიაზე და უგულავაზე იმას, რაც მათ უნდოდათ, შენს უკან ხალხი დგას, ძმებიც გყავს და იმათზე იფიქრეო, მითხრეს. ირონიულად გავიცინე, ეს აქამდე კინოში მქონდა ნანახი, ასე პირდაპირ, არც მოერიდნენ ისე მითხრეს. როგორც ჩანს, გაღიზიანდნენ, შენი საქმის შენ იციო და გავიდნენ. როგორც აღმოჩნდება ხოლმე, იმ დერეფანში არც ერთი კამერა არ არის. არავის გავაგებინე, არც ადვოკატს. ამ საქმეზე პოლიტიკური ელფერის შეძენა ხდებოდა და აღარ დავასხი ცეცხლზე ნავთი, ვიფიქრე ცოტას გადახარშავდნენ და აზრზე მოვიდოდნენ. მეგონა, რომ ეს 30 წლის წინ გავიარეთ და უკან თუ დავბრუნდებოდით არ მეგონა, თან ძალიან ღრმად უკან“, – განაცხადა ბუდაღაშვილმა.

მისივე თქმით, მასთან მისული პირები ყალბი სახელებითა და გვარებით გაეცნენ.

“18 ივლისს, იგივე განმეორდა. ყალბი სახელით და გვარებით არიან, სხვა საქმეებზეც მუშაობენ. სახელი და გვარი ვიცი, მაღალჩინოსანია, პატიმარია და როგორც მითხრეს, მისი სახელი და გვარის გაცხადების უფლება არ მაქვს. პროკურორი თუ შემოვა, სახელს და გვარს დავუსახელებ და რომელ კამერაში ზის, იმასაც ვიტყვი. ექვსი წელი კი არა 26 რომ მომისაჯონ, ბოლომდე მივყვები! ციხეში ფსიქოლოგიური წამება მიდის! შემოვიდნენ არასამთავრობოები, პატიმრებს დარეკვას, პაემნებს უკრძალავენ. იცოდეთ, მე ვზივარ ჩემს გამო და ჩემნაირების გამო. ერთ კვირაში ჩემი ძმა აბსურდული ბრალდებით დააკავეს. ეს ჩემზე პირდაპირ სიგნალი იყო, მეორე ძმაზეც დაიწყო მუქარები, გერმანიიდან ჩამოგიყვანთო. თავიდან მითხრეს, პროკურატურიდან ვართო, მაგრამ ზუსტად ვიცი პროკურატურიდან არ იყვნენ”, – განაცხადა ზურაბ ბუდაღაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები