თბილისის ბაროკო ფესტივალი გრძელდება

„თბილისის ბაროკო ფესტივალი“ 13 ნოემბერს დაიწყო და უკვე 6 კონცერტი გაიმართა. ფესტივალი გახსნეს იტალიელმა ჩელისტმა დავიდე ამადიომ და გერმანელმა დირიჟორმა კორნელია ფონ კერსენბროკმა.
როგორც „კვირას“ „საქართველოს სინფონიეტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა თეა მუქერიამ აცნობა, 18 და 19 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა „საქართველოს სინფონიეტამ“ გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტთან ერთად ახალი პროექტი – „ძველებური ცეკვები“ წარმოადგინა.
„პროექტი „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით განხორციელდა და მოიცავდა ძველებური მუსიკის ავთენტურ შესრულებასა და თანამედროვე ქორეოგრაფიის სინთეზს, ქორეოგრაფი გახლდათ მარიამ ალექსიძე.
მუსიკალურ-ქორეოგრაფიული წარმოდგენა „ძველებური ცეკვები“ კოსტიუმირებული იყო და მხატვარი იყო უტა ბექაია, რომელიც ნიუ-იორკიდან სპეციალურად ფესტივალისთვის ჩამოვიდა, რათა ეს ექსკლუზიური კოსტიუმები შეექმნა.
24 და 25 ნოემბერს, ფესტივალის ერთგული მაყურებლის დიდი თხოვნით, სამეფო უბნის თეატრის სცენაზე თანამედროვე ბალეტი „ფოლია“ გაიმართა, რომელიც ასევე თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრისა და გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის ერთობლივი პროექტი გახლავთ და მისი პრემიერა 2018 წელს შედგა.
26 ნოემბერს „თბილისის ბაროკო ფესტივალი“ კვლავ დაუბრუნდა რუსთაველის თეატრს და ფესტივალის მასპინძელმა, „საქართველოს სინფონიეტამ“ კიდევ ერთი ახალი პროექტი, კოსტიუმირებული კონცერტი – „13 არია“ წარმოადგინა. კონცერტზე შესრულდა როგორც ვოკალური, აგრეთვე ინსტრუმენტული არიები და დრამატურგიულად აგებულ, თეატრალიზებულ სანახაობას მხატვარ უტა ბექაიას პომპეზური და ავანგარდული კოსტიუმები ამშვენებდა. თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრთან ერთად კონცერტში მონაწილეობდნენ: მიხეილ აბრამიშვილი (კონტრტენორი), ქეთევან ქართველიშვილი (ალტი) და ფესტივალის სტუმარი ესპანეთიდან, ჟოზეპ მარია მარტი დიურანი (თეორბო, ბაროკოს გიტარა).
ფესტივალის ფარგლებში ასევე ტარდება სალექციო ციკლი „შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან“ და უკვე შედგა შეხვედრები: 17 ნოემბერს მხატვარ გია ბუღაძესთან, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დ.შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში და 22 ნოემბერს ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძესთან, თბილისის მუზეუმების გაერთიანების ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში. შეხვედრების ციკლი გაგრძელდება: 29 ნოემბერს ხელოვნების სასახლე და გიორგი კალანდია უმასპინძლებს ფესტივალის მაყურებელს, ხოლო საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში ორი შეხვედრა გაიმართება: 10 დეკემბერს მუსიკისმცოდნე თამარ ჩხეიძესთან და 11 დეკემბერს მწერალ გიორგი კეკელიძესთან.
შეხვედრებზე დასწრება თავისუფალია და ველით ყველას.
„თბილისის ბაროკო ფესტივალი“ გრძელდება და წინ კიდევ 4 დაუვიწყარი საღამო ელოდება მსმენელს: 1 და 3 დეკემბერს ფესტივალი ფრანგულ ანსამბლს „Fuoco E Cenere” (ფუოკო ე ჩენერე) მასპინძლობს. ფრანგი მუსიკოსები 1 დეკემბერს პატარა მარიონეტული წარმოდგენით, „პულჩინელათი“ წარდგებიან ქართველი მაყურებლის წინაშე, ხოლო 3 დეკემბერს ფრანგი ვირტუოზების ორი თაობის, მარენ მარესა და ჟაკ მორელის მუსიკას შესთავაზებენ ფესტივალის მსმენელს.
7 დეკემბერს ბალაჟ მატე ეწვევა ფესტივალს და „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად ჰენრი პერსელის, არქანჯელო კორელის, გეორგ ფრიდრიხ ჰენდელისა და კარლ ფილიპ ემანუელ ბახის ნაწარმოებებს შეასრულებს.
13 დეკემბერს ფესტივალის დასკვნითი კონცერტი გაიმართება. „ვენეციური ბაროკო“ ასე ეწოდება ამ საღამოს და მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავების: სერჯო აცოლინის, ბალაჟ მატეს, აი იკედასა და პაბლო საპიკოს შესრულებით ანტონიო ვივალდისა და ჯოვანი ბენედეტო პლატის ჯადოსნურ ვენეციურ მუსიკას შეასრულებენ „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად“, – აღნიშნა თეა მუქერიამ.
ფესტივალის კონცერტების ბილეთების შეძენა შესაძლებელია რუსთაველის თეატრის სალაროში და ონლაინ: www.biletebi.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები