გურამ მაჭარაშვილი: “ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პროექტი ოპოზიციის მხრიდან მიზანმიმართულად გაღვივებული წინააღმდეგობების გამო ჩავარდა

“ოპონენტების ქმედებების გამო, შედეგად მივიღეთ მოცემულობა, როდესაც მაჟორიტარმა დეპუტატებმა, რომლებიც თავადაც აწერდნენ ხელს „ქართული ოცნების“ უპრეცედენტო ინიციატივას 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, თავისუფალი კენჭისყრის პირობებში, მხარი აღარ დაუჭირეს მას”, – ასე პასუხობს უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი “კვირას” შეკითხვას თუ რატომ გადაიფიქრეს დეპუტატებმა მხარი არ დაეჭირათ პროპორციული სისტემისთვის ნოემბერში, როცა ივლისში ამ გადაწყევტილებას დათანხმდნენ.
მისი თქმით, ფაქტია, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წელს გადასვლის პროექტი, რომელიც „ქართული ოცნების” მიერ ცალმხრივად იყო ინიცირებული, ოპოზიციის მხრიდან მიზანმიმართულად გაღვივებული წინააღმდეგობების გამო ჩავარდა. ეს ინიციატივა ოპონენტებმა აღიქვეს, როგორც ხელისუფლებისთვის პროპორციული არჩევნების გამოტაცება, თითქოს ეს ასეც უნდა ყოფილიყო.
როგორც მაჭარაშვილი აღნიშნავს, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით გუნდის შიგნით ჯერ კიდევ ივნისში არსებობდა მყიფე კონსენსუსი.
“იმის მაგივრად, რომ ამ ინიციატივას რომელიმე ეტაპზე მოჰყოლოდა პოზიტიური გამოხმაურება, ოპოზიციის მხრიდან ისმოდა მუდმივი შეურაცხყოფა, დესტრუქცია და დაცინვა. ბოლოს, კენჭისყრის წინ, პარლამენტის დარბაზში პირდაპირ გოშიების ძახილზე გადავიდნენ, რამაც ბუნებრივია, ეს მყიფე კონსენსუსი დაანგრია. ოპოზიცია ბოლომდე აგრძელებდა საპროტესტო აქციებს, რომლებიც ჩვენი ინიციატივის შემდეგ 3 თვის განმავლობაში არ შეწყვეტილა. ამიტომაც, ოპონენტების ქმედებების გამო, პროცესი ჩიხში შევიდა. შედეგად მივიღეთ მოცემულობა, როდესაც მაჟორიტარმა დეპუტატებმა, რომლებიც თავადაც აწერდნენ ხელს „ქართული ოცნების“ უპრეცედენტო ინიციატივას, თავისუფალი კენჭისყრის პირობებში, მხარი აღარ დაუჭირეს მას“, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
ამასთან, მაჭარაშვილის თქმით, არ დარღვეულა პარტიული დისციპლინა, მათ მოითხოვეს თავისუფალი კენჭისყრა და ყველამ საკუთარი გადაწყვეტილება მიიღო.
იგი საპროტესტო აქციებსაც ეხმიანება და მიიჩნევს, რომ ამ ძალას „კმარას“ მეთოდებით მოქმედება არ გამოუვა.
„რაც შეეხება ვითომდა პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით დაწყებულ აქციებს, 13 წლის განმავლობაში არცერთ მათგანს, ვინც დღეს აქციაზეა, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად თითი-თითზე არ დაუკარებია, საარჩევნო მოდელების თემა მხოლოდ დესტრუქციისა და რევოლუციური სცენარების განვითარებისთვის სჭირდება. ყველამ კარგად ვიცით, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“, საკანონმდებლო ჩარჩოებიდან გასვლის გარეშე, არცერთი საარჩევნო სისტემის პირობებში არ აქვს გამარჯვების შანსი. ამ ძალას „კმარას“ მეთოდებით მოქმედება არ გამოუვა და მათ ნებისმიერ უკანონო მოქმედებას, მყისიერი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება”, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი “კვირასთან” საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები