კახა კალაძე დაუსრულებელ მშებლობებთან დაკავშირებით სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე წლობით დაუსრულებელ მშენებლობებთან დაკავშირებით სამშენებლო კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა და მათ აღნიშნული პრობლემის მოგვარების შესახებ მერიის გეგმა გააცნო.

თბილისის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კომპანია „ცენტრ პოინტის” პრობლემაზე.

„დღევანდელი შეხვედრის მიზეზი არის სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტი“. ყველამ ვიცით, რომ წლების განმავლობაში არსებობს ეს პრობლემა. ამ კომპანიის საქმიანობის შედეგად, სამწუხაროდ, გვყავს ძალიან ბევრი დაზარალებული ოჯახი. დედაქალაქის მერიამ დაიწყო ამ პრობლემის მოგვარება. პირველი მსგავსი შემთხვევა გვქონდა სამშენებლო კომპანია „სვეტის” მიერ დაზარალებულებთან დაკავშირებით. ეს პროცესი წარმატებით დასრულდა. მინდა მადლობა გადავუხადო სამშენებლო კომპანია „მ2“-ს. ამ კომპანიის დამსახურებით და დედაქალაქის სამსახურების ჩართულობით მოხდა შეთანხმება და 2500-მდე ოჯახისთვის, შეიძლება ითვას, რომ ეს პრობლემა მოგვარებულია. სამი წლის განმავლობაში იქნება შესრულებული ვალდებულებები, რაც საამშენებლო კომპანია „მ2″-მა თავის თავზე აიღო, იქნება შესრულებული. ანალოგიური დამოკიდებულება გვაქვს „ცენტრ პოინტთან” დაკავშირებით. ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, ეს პრობლემა რაც შეიძლება მალე მოვაგვაროთ. ვფიქრობ, დღეს ჩვენ იმ ეტაპამდე ვართ მისული, რომ არსებული პრობლემა პროექტების სახით გაგაცნოთ სამშენებლო კომპანიებს, რათა თქვენი ჩართულობითა და ჩვენი მხარდაჭერით შევძლოთ ამ პრობლემის მოგვარება და 6500-მდე ოჯახმა შეძლოს საკუთარი ფართების მიღება”, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეხვედრის დეტალები განმარტა მერის მოადგილე ილია ელოშვილმა.

„ცენტრ პოინტის“ პრობლემა ორ ნაწილად გავყავით. ერთია აუშენებელი კორპუსები, ხოლო მეორე ის კორპუსები, რომლებიც დასრულებულად ითვლებიან და სადაც გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ ადამიანები. შესაბამისად, დღეს სამშენებლო კომპანიებს შევთავაზეთ გარკვეული პრეფერენციების სანაცვლოდ მოახდინონ თანხების აკუმულირება სპეციალურ ფონდში, რომელიც შეიქმნება. ამის შედეგად უნდა მოხდეს, პირველ რიგში, შვიდი დაუმთავრებელი ობიექტის გარემონტება, ხოლო რაც შეეხება არაშენებულ ობიექტებს, ამაზეც მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ჩვენ შევთავაზეთ დეველოპერულ კომპანიებს, მიიღონ მონაწილეობა და მათთვის მისაღებ პირობებში მოხდეს ამ ობიექტების დასრულება. ჩვენ შექმნილი გვაქვს დაუსრულებელ მშენებლობებთან დაკავშირებით სპეციალური კომისია, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, არსებული წესებიდან გარკვეული გამონაკლისები დაუწესონ იმ კომპანიებს, რომლებიც ასეთ მშენებლობებში ან გარემონტებაში მიიღებენ მონაწილეობას”, – აღნიშნა ილია ელოშვილმა.
დედაქალაქის მერის მოადგილის განცხადებით, “ცენტრ პოინტის” მშენებლობის შედეგად დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან შეხვედრები ყოველკვირეულ რეჟიმში მიმდინარეობს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე, არქიტექტურის საქალაქო სამსახურის უფროსი თემურ ბოლოთაშვილი, ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი ებანოიძე და თბილისის საკრებულოს წევრი ირაკლი ზარქუა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები