ირაკლი სესიაშვილი: პენტაგონში, ხელმოწერილი ჩარჩო ხელშეკრულება საქართველო – აშშ-ს ურთიერთობაში, მონაპოვარია
„პენტაგონში, ხელმოწერილი ჩარჩო ხელშეკრულება არის მონაპოვარი საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობაში”, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკულ მხარესთან ხელი მოაწერა საქართველო-აშშ-ს შორის უსაფრთხოების სფეროში მორიგ, სამწლიან ჩარჩო-ხელშეკრულებას.
„პენტაგონში, ხელი მოეწერა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ახალ ჩარჩო ხელშეკრულებას, რომელიც მომავალი სამი წლის განმავლობაში თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის დონესა და ნატოსთან ურთიერთთავსებადობას მნიშვნელოვნად გააძლიერებს.
აღნიშნული ხელშეკრულება ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების გამოხატულ ურყევ ნდობას, საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული განვითარების კურსის მიმართ და თავდაცვის ეფექტური რეფორმირების მხარდაჭერას. ხელშეკრულება ემსახურება თავდაცვის ძალებში ნატოს სტანდარტების დამკვიდრებას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისთვის მზადყოფნის ხარისხის ამაღლებას”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
მისი თქმით, მომავალ წელს საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისგან თავდაცვის სფეროში, რეკორდულ ფინანსურ დახმარებას მიიღებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
„ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან გვაქვს არა მხოლოდ სტრატეგიული თანამშრომლობა არამედ, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ჩვენი მოკავშირეობა, რაც გამოიხატება ყველა სფეროში და ყველა მიმართულებით. ჩვენ ხშირად გვესმის ოპონენტების მხრიდან, თითქოს საქართველო გაქრა საერთაშორისო ორბიტიდან ან გარკვეული საფრთხეები ემუქრება ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას, რაც არის მიზანმიმართული სიცრუე. ჩვენი ქვეყანა მყარად დგას ნატოში ინტეგრაციის გზაზე. ჩვენი ქვეყნის, განსაკუთრებით თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში განხორციელებული რეფორმები აღიარებულია და მხარდაჭერილია ჩვენი ნატოელი პარტნიორების მხრიდან, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი ქვეყნისთვის მშვიდობა და უსაფრთხოება – ეს არის სტრატეგიული გზა ქვეყნის მომავლისა და განვითარებისთვის”, – განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ.
ირაკლი სესიაშვილმა ამ ხელშეკრულების გაფორმების დროს, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის მოადგილის, დევიდ ნორქვისტის განცხადებაც გააცნო საზოგადოებას:
„ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებების დაცვისა და გავრცელების ერთობლივ ძალისხმევას, ემყარება – არასოდეს ყოფილა ასეთი ძლიერი”.
სესიაშვილმა საზოგადოებას მოუწოდა, რომ იმ მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ გაერთიანდნენ, რაც ჩვენი ქვეყნის საერთო ინტერესებს ემსახურება.
„ეს არის ის ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობაში, რაც მხარდაჭერილი უნდა იყოს ყველა შესაბამისი პოლიტიკური ძალის მხრიდან, რომელსაც თუნდაც, საჯაროდ გაცხადებული აქვს ჩვენი ქვეყნის დასავლური ორიენტაციისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მნიშვნელობა. მე ამ რთულ პოლიტიკურ მოცემულობაში, ყველას მოვუწოდებ, რომ კიდევ ერთხელ გავერთიანდეთ იმ მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ, რაც ჩვენი ქვეყნის საერთო ინტერესებს ემსახურება”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.