ფოფხაძე: „ქართული ოცნების“ მხრიდან ჩემს წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა 2013 წლიდან მიმდინარეობს, მათთან ურთიერთობა მშვიდობიანი არასდროს ყოფილა

„ქართული ოცნების” მხრიდან ჩემს წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა 2013 წლიდან მოყოლებული მიმდინარეობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედი ფოფხაძემ მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მოგვიანებით, როცა პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი გახდა, მისი შევიწროება და მის მიმართ თავდასხმები შემცირდა.

„ჩემს წინააღმდეგ „ქართული ოცნებიდან“ პოლიტიკური დევნა 2013 წლიდან მოყოლებული მიმდინარეობს. რაც მახსოვს მაგათთან ურთიერთობა, მშვიდობიანი არასდროს ყოფილა. 2013 წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტი შტურმით აიღეს ძალოვნებმა იმისთვის, რომ მათთვის სასურველი გამგებელი მოეყვანათ, ის, ვინც იყო ჩვენი რეკომენდაციით და ჩემი მხარდაჭერით ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ის შეეცვალათ. ასე, რომ ბევრ ფაქტზე შემიძლია საუბარი ბოლო 7 წლის მანძილზე, როდესაც ჯერ იმის გამო, რომ მე არ ვიყავი „ქართულ ოცნებაში“ და ვიყავი „თავისუფალ დემოკრატებში“, მიმდინარეობდა ჩემი დევნა უშიშროების მხრიდან, ძალოვნები არ მერიდებოდნენ მაგ თვალსაზრისით და ბევრი ფაქტი, შემიძლია, დავასახელო . დეტალებში არ შევალ, იმიტომ, რომ თავის დროზე მოვახერხე მათი თავდასხმები მომეშორებინა ისე, რომ საჯარო პრესკონფერენციები ამაზე არ მომეწვია. ამ დეტალებში არ ჩავდიოდი, რადგან მიმაჩნდა, რომ კოალიციის წევრი ვიყავი და მშვიდობიანად უნდა მომეგვარებინა ეს პრობლემები, თუმცა ამ ფაქტების შესახებ იცოდნენ ირაკლი ალასანიამ, „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლებმა, კოალიციის შიგნით არაერთხელ დამიფიქსირებია, იმის გამო, რომ არ ვიყავი „ოცნაბაში“ და ვიყავი „თავისუფალ დემოკრატებში“, ჩემი მისამართით ასეთი შევიწროებები ხდებოდა. შემდეგ როცა ისე მოხდა, რომ პოლიტსაბჭოს წევრი გავხდი, ეს შევიწროებები და თავდასხმები შემცირდა, მაგრამ ბევრ ფაქტზე შემიძლია, ვისაუბრო რა ფორმით და როგორ ხდებოდა „ოცნებიდან“ იმის მცდელობა, რომ მათ კონტროლის ქვეშ ვყოლოდი.
უშიშროება ჩემს წინააღმდეგ იყენებდა თავის რაღაცა მექანიზმებს, მე რა თქმა უნდა, მაქვს ინფორმაცია, რითიც შემიძლია მათ პასუხი მოვთხოვო ამ ყველაფრის თაობაზე . ყოველთვის ვცდილობდი ეს გამეკეთებინა შიდა გუნდური რესურსით და საჯაროდ არ გამომეტანა, დღესაც არ ვაპირებ ამის დეტალებზე საუბარს. მაგრამ თუ არ შეწყდება უშიშროების პოლიტიკური რესურსის გამოყენება რაიმე დონეზე, არათუ ხმამაღლა ვილაპარაკებ ამაზე, პირდაპირ ხაზს გავუსვამ, რომ ხელისუფლების დელეგიტიმაციის ერთერთი გამოვლინება არის სწორედ ის, რომ ისინი რეგიონებს უშიშროების მეშვეობით მართავენ.
ამ ქვეყანაში „ოცნების“ წევრებისთვის არის სხვა სამართალი , და თუ აღარ ხარ „ოცნების“ წევრი , შენთვის არის სხვა სამართალი . 2013 წელს , როცა „თავისუფალი დემოკრატი“ ვიყავი, ჩემთვის იყო სხვა სამართალი , უფრო დაუცველი ვიყავი, როცა ვიყავი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი, ჩემს მიმართ სამართალი ცოტა ლოიალური აგხდა , დღეს ოპოზიციაში ვარ და ისევ ვგრძნობ იმას, რომ კანონი და სამართალი ჩემს მიმართ თანასწორი არაა“- განაცხადა ფოფხაძემ.
ფოფხაძემ განმარტება პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტში მის საქმიანობასთან დაკავშირებითაც გააკეთა.

„რაც შეეხება საკომიტეტო სხდომებზე ჩემს შესაძლო დასჯას, სხდომების გაცდენა-არგაცდენასთან დაკავშირებით, აქ მთავარი პრობლემა ის არის რომ რეგლამენტის ეს მუხლი საერთოდ დისკრიმინაციულია. არის გათვალისწინებული , რომ თუ ფრაქციის წევრი ხარ და სხდომებს აცდენ, შენს ნაცვლად, შესაძლოა აიროს სხვამ, თუ დამოუკიდებელი დეპუტატი ხარ და სხდომა გააცდინე , ამის გამო შენ მიმართ შესაძლოა, გამოყენებული იქნას სანქცია . ეს ხომ თავისი არსით დისკრიმინაციული მიდგომაა. პირდაპირ ვაცხადებ, განათლების და მეცნიერების კომიტეტის არცერთი სხდომა , რომლის შესახებაც მე მცდონია, არ გამიცდენია. აქედან გამომდინარე, თუ ვინმე ტექნიკურად ვერ ახერხებს საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას, ჩემს მიმართ განხორციელებული ნებისმეირი სანქცია იქნება იმათი პასუხისმგებლობა და არა ჩემი. იმიტომ, რომ მე სხვა საქმე არაფერი მაქვს, პარლამენტის წევრი ვარ და არც კომიტეტის სხდომების, არც სესიების გაცდენას ნამდვილად არ ვაპირებ, ეს არის ჩემი ძირითადი საქმიანობა . არც ბიზნესები მაქვს სხვებისგან განსხვავებით, არც რაიმე დამატებითი შემოსავალი. „ქართულმა ოცნებამ“ მიხედოს თავის კორუმპირებულ ჩინოვნიკებს და დეპუტატებს . ამას ყველაზე ვერ ვიტყვი, მაგრამ ძალიან ბევრი ჰყავთ, რომლებსაც ბიზნესები აქვთ“, – განაცხადა ფოფხაძემ.

ცნობისთვის, გედევან ფოფხაძე პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურის კომიტეტის დატოვებას გეგმავს. აღნიშნული განცხადება დეპუტატმა კომიტეტის სხდომის დაწყებისას გუშინ გააკეთა, მან „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ დევნაში დაადანაშაულა.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები