“თქვენ ხართ ნაციონალების გოშიები” – ქუთაისში სტუდენტების საპროტესტო აქციაზე დაპირისპირება მოხდა (ვიდეო)

ქუთაისში სტუდენტების მიერ ორგანიზებული აქცია მერიის წინ დღეს განახლდა. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები უერთდებიან მოთხოვნას, რომ მთავრობამ დაპირება შეასრულოს და 2020წლის არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს.

აქციის მონაწილეებსა და რამდენიმე ადგილობრივს შორის ინციდენტი მოხდა. აქციის მონაწილეებს მერიასთან მოქალაქეები დახვდნენ, რასაც ხმაური და შელაპარაკება მოჰყვა. ისინი აქციის ორგანიზატორებს “ნაციონალების გოშიებად” მოიხსენიებდნენ.

სტუდენტები, თავის მხრივ, ამბობდნენ რომ არც ერთი მათგანი “ნაციონალური მოძრაობის” რიგებში არ ირიცხება.

“ჩვენ ვართ სუფთა წარსულის მქონე ახალგაზრდები. ამდენად, აბსურდია ის რაღაცები, რასაც ხელისუფლება ჩვენ გვაბრალებს. ამის ნიშნად მოვედით სუფთა ფურცლებით. ასევე, მოვახდინეთ იმ ადამიანების ლუსტრაცია, რომლებიც გუშინ აქ, ვითომ შემთხვევით, მობრძანდნენ. რეალურად, ისინი ამ შენობაში დასაქმებული პირები არიან. ისინი ახდენენ პროვოცირებას და ჩვენი მისამართით გაიძახიან, რომ თითქოს ჩვენ ვართ მეძავები. აქციის მონაწილეები მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ამ ფრაზაზე არ მომხდარიყო კონფლიქტის ესკალაცია, მაგრამ გვაქვს საკუთარი თავმოყვარეობა, ამიტომ ვერ შევძელით ამ პროვოკაციას არ ავყოლოდით. მიაღწიეს მიზანს. იციან, რომ მათი ასეთი საქციელი ჩვენს წისქვილზე ასხამს წყალს. თუმცა, ჩვენ არ გვეშინია მათი. ზოგიერთ ადამიანს, ვინც აქციაზე იყო გუშინ, დახვდნენ და გაუსწორდნენ ფიზიკურად, ზოგიერთს “დაუპადიეზდეს”, ეს არის ძველბიჭური “ქართული ოცნება”. მათ ვეტყვით, რომ ნუ შერცხვებათ მერე თავის ნამოქმედარის. ჩვენ მომავალი ვართ, თქვენ კი შეიძლება იყოთ წარმავლები. ამიტომ ადამიანურად თქვენც იცხოვრეთ და ჩვენც გვაცხოვრეთ,” – აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ირაკლი ფაჩულია.

ცნობისთვის, ქუთაისში აქცია მესამე დღეა იმართება. ორგანიზატორების თქმით, ისინი უერთდებიან დედაქალაქში პარლამენტის წინ მომიტინგეების მოთხოვნებს და საარჩევნო სისტემის შეცვლას ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები