კლდეზე დაკიდებული სასტუმროები და საფესტივალო სივრცე – ჭვანას ხეობას მალე მსოფლიო გაიცნობს

მაღალმთიან აჭარაში, ჭვანას ხეობაში, მისი ტურისტული პოტენციალის გაზრდის მიზნით, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტია დაგეგმილი და ასევე გათვალისწინებულია ექსტრემალებისთვის კლდეზე დაკიდული სასტუმროს მშენებლობაც. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.

ჭვანას ხეობაში საფესტივალო სივრცის მოწყობაც იგეგმება, ასევე, ტურისტული ბილიკები, თავშესაფრები და გასართობი ატრაქციონები. ინფრასტრუქტურა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის- ხაბელაშვილების თაღოვანი ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან წისქვილების სოფლამდე უნდა მოეწყოს.

„ჩვენი მიზანია, აჭარაში შევქმნათ ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი, სადაც რეგიონის სტუმრები წლის ნებისმიერ დროს იმოგზაურებენ. ამ მხრივ გამორჩეულია ჭვანას ხეობა თავისი მდიდარი ტურისტული ღირსშესანიშნაობებითა და ბუნებრივი რესურსებით, სადაც 2020 წლიდან ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება დაიწყება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პირველ რიგში შეიქმნას ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა ხაბელაშვილების ხიდიდან წისქვილების სოფლამდე, მეორეს მხრივ კი გარდამავალი ტურისტული მარშრუტები ჭვანას ხეობიდან სხვა მუნიციპალიტეტებში. შედეგად, ჭვანას ხეობა საინტერესო ტურისტული მიმართულება გახდება იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ეკოტურიზმი, კულტურული ტურიზმი და სათავგადასავლო ტურიზმის იზიდავთ,“- განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ თინათინ ზოიძემ.

ცნობისთვის, შუახევის მუნიციპალიტეტის ჭვანას ხეობაში “ხაბელაშვილების ხიდი” 300 წელს ითვლის და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს.
აღნიშნული ხიდი შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბელაშვილებში მდებარეობს. ხიდი თავისი მახასიათებლებით: კულტურული, ისტორიული, მემორიალური და ავთენტურობით, მშენებლობისას გამოყენებული ელემენტებით და გადახურვით უიშვიათესია მთელ დასავლეთ საქართველოში. ხიდზე მშენებლობისას გამოყენებულია ხის უნიკალური ჯიშები: თელა- კოჭებად, წაბლი- მალებად, მუხა- საყრდენ ბოძებად და ურთხველა სახურავის ქვეშ. სოფლის მკვიდრთა გადმოცემით ხიდი 300 წლის წინ აუშენებიათ და სოფელ ხაბელაშვილებს სოფელ ბრილთან აკავშირებდა​. მისი სიგრძე 25 მეტრია. ხიდს რესტავრაცია აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაკვეთით ჩაუტარდა.
ხიდი ერთადერთი ღირსშესანიშნაობა არ არის ჭვანას ხეობაში. აქვე ფუნქციონირებს ფანდურების სახელოსნოც, სადაც მუსიკალური ხელსაწყოს შეძენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. შეხვდებით სიმწვანეში ჩაფლულ ძველ, ხის წისქვილებსა და წისქვილების სოფლის სახელით ცნობილი დასახლებას.
ჭვანას ხეობა ბათუმიდან 58 კილომეტრში მდებარეობს. ის რეგიონში ფოლკლორითა და მუსიკალური ტრადიციებით გამორჩეული ადგილია, სადაც ტურისტებს გარდა ტურისტული ღირსშესანიშნაობების მონახულებისა საშუალება აქვთ ადგილობრივი კერძები, თაფლი და ხილი დააგემოვნონ. ხეობა მდიდარია ჩანჩქერებით, ისტორიულ-კულტურული ძეგლებითა და ტრადიციებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები