“ღუდუშაურის კლინიკა” – 2008 წლის ომის დროს, ვაჟა გაფრინდაშვილი კლინიკაში იმყოფებოდა და პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშროების კომიტეტში 9 ნოემბერს დაკავებულ ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტის, ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას “ღუდუშაურის სახელობის კლინიკის” ადმინისტრაცია ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ვაჟა გაფრინდაშვილი კლინიკაში იმყოფებოდა და პროფესიულ მოვალეობას პირნათლად ასრულებდა.

“გვსურს გამოვეხმაუროთ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი კოლეგის, ვაჟა გაფრინდაშვილის მისამართით დე-ფაქტო რეჟიმის მიერ გაჟღერებულ მორიგ უსაფუძვლო განცხადებას, რომელიც გავრცელდა მასმედიის საშუალებებში. 2008 წლის აგვისტოში, ვაჟა გაფრინდაშვილი გაუსვლელად იმყოფებოდა ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში და პირნათლად ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას. იგი, როგორც საკუთარ პროფესიაზე შეყვარებული ჭეშმარიტი ექიმი ჩვენი კლინიკის კედლებში იბრძოდა პაციენტების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. აი, ეს გახლავთ სიმართლე. სამედიცინო საზოგადოების სახელით კიდევ ერთხელ ვგმობთ ყველაზე ჰუმანური პროფესიის წარმომადგენლის მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ და არაჰუმანურ ქმედებებს, სოლიდარობას ვუცხადებთ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს და მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას”,- ნათქვამია განცხადებაში.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშროების კომიტეტში 9 ნოემბერს დაკავებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს.

კერძოდ, ე.წ. უწყების პრეს-მდივნის ეკატერინა ბიაზროვას განცხადებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-სამედიცინო სამსახურის კაპიტანი ვაჟა გაფრინდაშვილი, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, სამხედრო ექიმის სტატუსით, აქტიურ მონაწილეობას იღებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები