თბილისს ინგლისელი დრამატურგი და კომპოზიტორი ნილ ბრენდი ეწვევა

0

2 დეკემბერს, თბილისს ინგლისელი დრამატურგი და კომპოზიტორი, ნილ ბრენდი ეწვევა.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ნილ ბრენდი თბილისის კინოფესტივალისა და ბრიტანეთის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში ჩამოდის. მისი ვორკშოპი „ფაბრიკაში“  გაიმართება.
განრიგი:
14:00–15:15 ჰიჩკოკის „შანტაჟი“. კინოსა და მუსიკის ისტორიული მიმოხილვა.
15:15–15:45 შესვენება. ფურშეტი.
15:45–17:00 ტექნოლოგიური ცვლილებების გავლენა კინომუსიკაზე.

30 წელზე მეტია, რაც ნილი უხმო ფილმების აკომპანიატორია. მას რეგულარულად უწევს მუშაობა ლონდონში, ბარბიკანის ცენტრში, ბრიტანეთის კინოს ინსტიტუტის ეროვნულ კინოთეატრში, დიდ ბრიტანეთსა და სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალზე.
ამჟამად, ნილი მჭიდროდ თანამშრომლობს BBC-ის სიმფონიურ ორკესტრთან. შედეგად, ლონდონში შესრულდა მისი აღიარებული საორკესტრო პარტიტურები ისეთი უხმო ფილმებისათვის, როგორიცაა ალფრედ ჰიჩკოკის „შანტაჟი“, ენტონი ესკვიტის „მეტრო“, ჩარლი ჩაპლინის „მარტივი ქუჩა“ და დუგლას ფერბენქსის „რობინ ჰუდი“.
როგორც ტელეწამყვანი, ნილ ბრენდი ცნობილია ძალიან წარმატებული სერიებით BBC4-ზე: „კინოს ხმა, მუსიკა, რომელმაც კინო შექმნა“ (2013), „სიმღერის ხმა“ (2015), „მიუზიკლების ხმა“ (2017) და „კინომიუზიკლების ხმა“ (2018). ის ასევე გახლავთ რადიო 4-ის კინოპროგრამის მუდმივი წამყვანი, უელსის აბერისტვიტის უნივერსიტეტის აკადემიური წევრი და ლონდონის მუსიკის სამეფო აკადემიის მიწვეული პროფესორი.

ნილ ბრენდი ალფრედ ჰიჩკოკთან მუშაობის შესახებ:
„უხმო ფილმებზე მუშაობისას, ჩემი მიდგომა იმაში მდგომარეობს, რომ მუსიკას განვიხილავ, როგორც ხიდს ფილმისა და მაყურებლის ასაკს შორის. თანამედროვე მაყურებელი მიეჩვია კინომუსიკას, სინქრონულ ეფექტებს, დეტალურად თანმიმდევრულ გახმოვანებას და ჟანრულ მინიშნებებს, რაც ხმოვანი კინოს არსებობის 90 წლის მანძილზე განვითარდა. როდესაც უხმო ფილმში ეს ელემენტები შემაქვს, ვიმედოვნებ, რომ ვქმნი ატმოსფეროს, რომლის წყალობით მაყურებელი კომფორტულად იგრძნობს თავს ფილმის ნახვისას, რადგან, სულ ცოტა, ბგერათა სამყარო მაინც არის მისთვის ნაცნობი. ამ ვითარებაში, ჩემთვის ყველაზე დიდი კომპლიმენტი შეიძლება იყოს, თუკი იტყვიან: „თქვენი არსებობა დაგვავიწყდა“. სინამდვილეში, საუკეთესო მუსიკალური თანხლება არის არა ის, რომელიც არ გესმის, არამედ ის, რომელიც გესმის, როცა გჭირდება. ასეთი მიდგომის უდიდესი მიღწევაა ისეთი შთაბეჭდილების შექმნა, თითქოს ფილმი თავად აფრქვევს ნოტებს, მუსიკა დარბაზის ყველა კარს კეტავს და ოცნების სამყაროში გვძირავს, რომელიც ფილმის არსს მოიცავს.
მაგრამ მე არ მაქვს ილუზია, რომ ვწერ მუსიკას, რომელიც უხმო ფილმების თანადროულია. ამ ფილმებს თანამედროვე აუდიტორიისთვის გადმოთარგმნა სჭირდება და არა დაბალზამება.
„შანტაჟისთვის“ მუსიკის შექმნისას, ვცადე წარმომედგინა, რა სურდა ჰიჩკოკს და გამოვიყენე ის, რაც მისი საუნდტრეკების კომპოზიტორებისა და ჰიჩკოკის მუშაობის ხერხების შესახებ ვიცოდი. სანამ პარტიტურაზე მუშაობას შევუდგებოდი, 20 წლის განმავლობაში, იმპროვიზებულ საფორტეპიანო თანხლებას ვუწევდი ამ ფილმს, რამაც მაგრძნობინა, რომ ვიცოდი, როგორი „სტრატეგია“ იყო საჭირო – საოცარი იყო, მუსიკის წყალობით რამდენ ქვეტექსტს იძენდა მოქმედება ისეთ ჩვეულებრივ ადგილებშიც კი, როგორიც არის, მაგალითად, ლონდონის თამბაქოს მაღაზია!“

კომენტარები

კომენტარი