ოპერის თეატრთან “პატრიოტთა ალიანსის” აქცია მიმდინარეობს

ოპერის თეატრთან “პატრიოტთა ალიანსის” აქცია მიმდინარეობს. პარტიის ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებით, აქციის მიზანი ქვეყანაში საარჩევნო სისტემის შეცვლაა. მისივე თქმით, ამ ბრძოლაში დამოუკიდებლად მოქმედებს.
“ამ აქციების მიზანი ქვეყანაში საარჩევნო სისტემის შეცვლაა, ასევე ის, რომ არ მოხდეს ძალაუფლების უზურპაცია, რასაც ახლა ახორციელებს “ქართული ოცნება” და ჩვენ მივაღწიოთ იმას, რომ თავისუფალი, სამართლიანი არჩევანის საშუალება ჰქონდეს ადამიანს. ის ვითარება, რასაც ახლა “ქართული ოცნება” ქმნის, არის პოლიტიკური კრიზისი. მე აბსოლუტურად გაოგნებული ვარ, ხელისუფლების ინტერესებში რატომ უნდა შედიოდეს კრიზისის შექმნა, არადა მან შექმნა ეს კრიზისი და მან გამოგვიყვანა ქუჩაში. ჩვენ ყოველთვის მარტო ვიბრძოდით, სააკაშვილის რეჟიმსაც მარტო ვებრძოდით. დღესაც მარტო ვართ ამ ბრძოლაში, ჩვენ დამოუკიდებლად ვმოქმედებთ, ჩვენი დამოუკიდებელი სტრატეგია და ტაქტიკა გვაქვს და მე მხოლოდ ამ სტრატეგიაზე ვარ პასუხისმგებელი”,- განმარტა ინაშვილმა.
“პატრიოტთა ალიანსის” წევრები და მათი მხარდამჭერები რესპუბლიკის მოედანთან შეიკრიბნენ და მსვლელობით ოპერის თეატრთან მივიდნენ, სადაც სპეციალური სცენაა დამონტაჟებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები