გია ვოლსკი: პიკეტირება სახელმწიფო ინტერესებს უპირისპირდება

პიკეტირება სახელმწიფო ინტერესებს უპირისპირდება,- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, გია ვოლსკი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებას პარლამენტის პიკეტირების დაწყებასთან დაკავშირებით.
“საფრთხე იმისა, რომ სახელმწიფო გააჩერონ, ლარის კურსი დაეცეს და მოხდეს ეკონომიკური კოლაფსი, არ უნდა დაუშვას სახელმწიფომ და ესაა საზოგადოების მოთხოვნაც. ოპოზიციის მოწოდება პიკეტირებაზე, მანიშნებელია ამ ადამიანების პოლიტიკისა, რომ ხალხს მონაწილეობა მიაღებინონ ისეთ ქმედებებში, რომელიც კანონსაც უპირისპირდება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ინტერესებს უპირისპირდება”,- განაცხადა ვოლსკიმ.
რაც შეეხება იმას, არის თუ არა ხელისუფლება მზად, ოპოზიციასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს და მათი მოთხოვნები განიხილოს, ვოლსკი ამბობს, რომ ოპოზიციის მოთხოვნები კონსტიტუციასთან და რეგლამენტთან შეუსაბამოა.
“ადამიანებს, ვინც ამ მოთხოვნებს აყენებს, საკმაო ცოდნა აქვს იმისათვის, რომ ზუსტად იცოდნენ, მათი შემოთავაზებები არ შეესაბამება კონსტიტუციასა და რეგლამენტს“ ,- აღნიშნა ვოლსკიმ.
პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია 15:00 საათზე დაიწყო. ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება პარლამენტის მიერ საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებს, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა. აქციაზე შეკრებილებს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები სიტყვით მიმართავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები