ზურაბ ჯაფარიძე: მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის ფუნქციონირება შეწყდეს და პარლამენტში დეპუტატები მანამდე არ შევუშვათ, სანამ ვადამდელ არჩევნებს არ დასთანხმდებიან

პოლიტიკური მოძრაობა “გირჩის” ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციის მოთხოვნები შეასრულოს, მნიშვნელოვანია პარლამენტის პიკეტირება განხორციელდეს.
“დღევანდელი აქციის მიზანია, რომ ბევრი ადამიანი გამოვიდეს და ხელისუფლებამ დაინახოს მათი რაოდენობა, რომლებიც არიან გაბრაზებულები ივანიშვილზე, რომელმაც ისინი და მთელი დედამიწა მოატყუა. ეს მგონია ამ აქციის მიზანი, დაინახო რომ ბევრი ადამიანი არსებობს, რომელიც არ არის ვიღაცის მონა და როდესაც მას ატყუებენ, ამაზე აქვს რეაქცია.
საკმარისი იქნება თუ არა, ამ მიზნისთვის ოპოზიციური პარტიების გაერთიანება, არ ვიცი. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია მეტი გულწრფელობა და მეტი გამჭვირვალობა. საბოლოო ჯამში დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი დასრულდება იმით, რომ ეს ხელისუფლება წავა და დაინიშნება ვადამდელი არჩევნები.
ჩემი აზრით, ამ რეალობაში ძალადობის გარდა, ნებისმიერი ძალადობის ფორმა არის მისაღები. მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის ფუნქციონირება შეწყდეს და მანამდე არ შევუშვათ პარლამენტში დეპუტატები, სანამ არ დასთანხმდებიან ვადამდელ არჩევნებს. პარლამენტის პიკეტირება უნდა მოხდეს, ძალადობის გარეშე” – განმარტა ჯაფარიძემ.
დღეს თბილისში საპროტესტო აქციები გაიმართება. პარლამენტთან ოპოზიციისა და სამოქალაქო მოძრაობების წარმომადგენლები შეკრებას 15:00 საათზე გეგმავენ.
ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება პარლამენტის მიერ საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდებას გააპროტესტებენ, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები