დავით ბაქრაძე: ხელისუფლება უნდა დარწმუნდეს, რომ მათი პოლიტიკური დასასრული მოახლოებულია

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით დღეს, პარლამენტთან დაგეგმილი აქციის მთავარი ამოცანა ბიძინა ივანიშვილისთვის და “ქართულ ოცნებისთვის” დიდი პოლიტიკური წერტილის დასმაა. მისი თქმით, აქცია თავისი შინაარსით მშვიდობიანი იქნება.
“ჩვენი მთავარი ამოცანა დღეს არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას ვაჩვენოთ ქართული საზოგადოება არ შეეგუება აბუჩად აგდებას, ტყუილს და იმ უტიფრობას, რომელიც გამოიჩინა ხელისუფლებამ, როდესაც ყველა ერთად, მთელი საზოგადოება მოგვატყუა საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით. ხელისუფლება უნდა დარწმუნდეს, რომ მათი მშვიდობიანი პოლიტიკური დასასრული მოახლოებულია. საზოგადოება მათ აღარ აპატიებს ტყუილებს, გაჭირვებას და იმ უიმედობას, რომელშიც “ქართულმა ოცნებამ” ქვეყანა შეიყვანა. როგორი სისტემითაც არ უნდა ეცადონ ისინი არჩევნების გაყალბებას მათი პოლიტიკური წერტილი უკვე დასმულია. ამიტომ, დღევანდელი ჩვენი ამოცანაა, დიდი პოლიტიკური წერტილი დავუსვათ ბიძინა ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას”. აქცია თავისი შინაარსით სრულიად მშვიდობიანი იქნება, ამიტომ არანაირ ექსესებს ორგანიზატორების მხრიდან ადგილი არ ექნება. რაც შეეხება ხელისუფლებას, თუ მას უმტყუნებს ნერვები და ძალის გამოყენებას გადაწყვეტს, არავის ეშინია ძალის. ჩვენ აქ ვიდგებით მანამ სანამ ჩვენს პოზიციას არ გამოვხატავთ”,- განმარტა ბაქრაძემ.
დღეს თბილისში საპროტესტო აქციები გაიმართება. პარლამენტთან ოპოზიციისა და სამოქალაქო მოძრაობების წარმომადგენლები შეკრებას 15:00 საათზე გეგმავენ.
ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება პარლამენტის მიერ საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდებას გააპროტესტებენ, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები