ხატია დეკანოიძე: ხელისუფლებამ უნდა იფიქროს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის არჩევანის წართმევა ძალიან მძიმე დანაშაულია

ხელისუფლებამ უნდა იფიქროს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის არჩევანის წართმევა ძალიან მძიმე დანაშაულია,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტთან დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
“რეალურად, ახლა არის ის მომენტი, როცა ხელისუფლებამ უნდა შეხედოს ამ ადამიანებს და უნდა იფიქროს იმაზე, რომ არჩევანის წართმევა საქართველოს მოქალქეებისთვის არის ძალიან მძიმე დანაშაული და ამ დანაშაულის პატიებას არ აპირებს არავინ.
რაც შეეხება იმას, თუ რა უნდა იყოს გადამწყვეტი, რომ დათმობაზე წამოვიდეს ხელისუფლება, სიმართლე გითხრათ ბიძინა ივანიშვილის კეთილგონიერების იმედი არ მაქვს, იმიტომ რომ უმრავლესობა პროპორციულ სისტემას დათანხმდებოდა. როგორც ხედავთ, უსინდისობას საზღვარი არ აქვს და არაერთხელ მოატყუა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეები. შესაბამისად, ჩვენი მოთხოვნები რჩება და ამიტომ ყველას მინდა მოვუწოდო, რომ მოვიდეს რუსთაველზე, ვინაიდან ეს არის ნამდვილად მნიშვნელოვანი დღე, რომ ქვეყანაში ყველას ჰქონდეს თავისუფალი არჩევანის გაკეთების უფლება,“ – განმარტა დეკანოიძემ.
დღეს თბილისში პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართება. საკანონმდებლო ორგანოს წინ ოპოზიციისა და სამოქალაქო მოძრაობების წარმომადგენლები შეკრებას 15:00 საათზე გეგმავენ.
ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება პარლამენტის მიერ საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდებას გააპროტესტებენ, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები