მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში: მნიშვნელოვანი რეიტინგები და ინდიკატორები მხოლოდ იმაზე მიგვითითებენ, რომ ქვეყანა სხვადასხვა სფეროში წარმატებით მიიწევს წინ

„საქართველო არ არის პასიური, მუდმივად ვითარდება და გვიჩვენებს, რომ სურს მიზნის მიღწევა“, – ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსმა პლატფორმა “ჰოლონთან” ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ ნამდვილად კარგად იმუშავა. მსოფლიო მმართველობის ინდიკატორებში, საქართველო 20 ევროპულ ქვეყანათა რიცხვშია.
„უპირველესად, საქართველოს მინდა მივულოცო პროგრესი ამ კუთხით. რეალურად, ეს ორი ინდიკატორი უაღრესად მნიშვნელოვანია და მოგახსენებთ რატომაც. მსოფლიო ბანკის მმართველობის ინდიკატორები ზომავენ მთავრობაში გადაწყვეტილების მიღებისა და ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობას, ეკონომიკურ ანალიზს, მომსახურების უზრუნველყოფის ხარისხს, ანტიკორუფციულ ზომებს და ა.შ. როგორც თქვენ აღნიშნეთ, არსებობს 33 ინდიკატორი. ჩვენი ღრმა რწმენით, ეს ინდიკატორები  ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ფაქტორია, რასაც ემატება კარგი მმართველობა და მაკროფინანსური მართვა. „დუინგ ბიზნესი“, თავის მხრივ, ზომავს ბიზნესის კეთების მაჩვენებელს და მოიცავს: ბიზნესის დაწყებას, კრედიტის მიღებას, მინორიტარი აქციონერების დაცვას და ა.შ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს გზავნილია ინვესტორთა ფართო წრისთვის, თუ რამდენად მარტივია ბიზნესის კეთება საქართველოში და მთლიანად ქვეყანა რამდენად მიმზიდველია ინვესტირებისათვის. ჩემი აზრით, ორივე მიმართულებით მიღწეული წარმატება უაღრესად მნიშვნელოვანია და სამი ძირითადი გზავნილის გაკეთების საშუალებას იძლევა:
პირველი – საქართველოს მთავრობამ ნამდვილად კარგად იმუშავა. მსოფლიო მმართველობის ინდიკატორებში, საქართველო 20 ევროპულ ქვეყანათა რიცხვშია. ეს საკმაოდ კარგი შედეგია, თუ გავიხსენებთ, რომ საკვლევ სიაში 200 ქვეყანაა. საქართველო საშუალოშემოსავლიან ქვეყნებთან შედარებით წარმატებულია, 6 ინდიკატორიდან 5-ში უსწრებს სხვა ქვეყნებს. ასევე 6-დან 3 ინდიკატორში უსწრებს, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის სახელმწიფოებს. რაც შეეხება ბიზნესის კეთებას, საქართველო 190 ქვეყანას შორის მეშვიდე ადგილზეა. ეს უდაოდ ძალიან შთამბეჭდავია. კონკურენცია დიდია და ქვეყნები მუდმივად ცდილობენ პოზიციების გაუმჯობესებას. თუ საქართველოს ადგილს ბიზნესის დაწყების სხვა ინდიკატორებთან მიმართებაშიც განვიხილავთ, დავინახავთ, როგორია რეიტინგის ლიდერის, მუდმივად პროგრესის მქონე ახალი ზელანდიის პოზიცია. ასე, რომ გილოცავთ.
მეორე – ძირითადი გზავნილია ის, რომ რეფორმები ერთჯერადი არ არის და პერმანენტულად მიმდინარეობს. მსოფლიო მმართველობის ინდიკატორებში საქართველო წამყვან რეფორმატორ 10 ქვეყანას შორის მოხვდა  და ეს ტენდენცია უკვე წლებია გრძელდება. ასეთივე ტენდენცია ბიზნესის კეთების რეიტინგშიც. უკვე სამი წელია საქართველო რეფორმატორ ქვეყანათა პირველ ათეულშია. ეეს ნიშნავს, რომ საქართველო არ არის პასიური, მუდმივად ვითარდება და გვიჩვენებს, რომ სურს მიზნის მიღწევა. ამას ჩვენ უაღრესად ვაფასებთ.
მესამე – გამოიკვეთა ისეთი სფეროები, რომლებსაც სჭირდება გაუმჯობესება: სასამართლო, დაინტერესებულ მხარეებთან მეტი ჩართულობა, ანგარიშვალდებულება (ვგულისხმობ სახელმწიფო საწარმოებს), ბიზნეს საქმიანობის შეწყვეტა და სხვა. ეს საკითხები მნიშვნელოვანია ნებისმიერი ბიზნესისათვის. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს მხოლოდ ინდიკატორებია. დიახ, ინდიკატორები. ისინი მხოლოდ იმაზე მიგვითითებენ, რომ ქვეყანა სხვადასხვა სფეროში წარმატებით მიიწევს წინ. ისიც რეალობაა, რომ ამ ინდიკატორებს მიღმა კონკრეტული თემებია, რომლებიც ყურადღებას მოითხოვენ. მსოფლიო ბანკი მიესალმება მთავრობის ძალისხმევას ამ მიმართულებით.
თქვენს მთავრობასთან, სიღარიბის დაძლევისა და კეთილდღეობის გაზიარების საკითხებზე ნამდვილად არაჩვეულებრივი ურთიერთობა და წარმატებული თანამშროლობა გვაქვს. ამას თავმდაბლობით არ ვამბობ. იგივეს ადასტურებდნენ ჩემი წინამორბედებიც. შედარებისთვის, შემდეგ ციფრებს გადავხედოთ. 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოში სიღარიბის დონე 40%-ს აღემატებოდა. 2004 წლისთვის მაჩვენებელი 35%-მდე შემცირდა. გასულ წელს, კი ოდნავ აღემატებოდა 20%-ს. ჩემი აზრით, ამ მონაცემებით საქართველომ უნდა იამაყოს. ვინაიდან, რეალურად, ბოლო წლებში სიღარიბის დონე ქვეყანაში განახევრდა. მინდა მთავრობას ეს პროგრესიც მივულოცო“, – განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები