ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აუდიტორული ქსელის “რასელ ბედფორდის” ოფიციალურ პრეზენტაციას დაესწრო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი აუდიტორული ქსელის “რასელ ბედფორდის” ოფიციალურ პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც საქართველოს ბაზარზე შემოვიდა და ქართველ პარტნიორებთან ერთად ერთობლივი კომპანია დააარსა. უწყების ინფორმაციით, პრეზენტაციის მიზნით საქართველოს „რასელ ბედფორდ ინტერნეიშენელის“ აღმასრულებელი დირექტორი სტეფან ჰამლეტი ეწვია.
„ჩვენ მივესალმებით საერთაშორისო სახელის მქონე კომპანიის საქართველოს ბაზარზე შემოსვლას, რაც მნიშვნელოვანია რამდენიმე გარემოების გამო. ჯერ ერთი, ბაზარზე შემოდის კომპანია, რომელიც მსოფლიოს 100 – ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს, რაც ნიშნავს, რომ ნდობას მისი მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ. მეორეც, „რასელ ბედფორდის” შემოსვლა გაზრდის კონკურენციას, ადგილობრივ მომხმარებელს კი მისცემს უკეთესი მომსახურების მიღების შესაძლებლობას. გარდა ამისა, მეტ ქართველ სპეციალისტს მიეცემა შესაძლებლობა, დასაქმდეს ასეთ კომპანიაში და აიმაღლოს კვალიფიკაცია და რაც მთავარია, „რასელ ბედფორდის” საერთაშორისო პარტნიორებისთვის მის მიერ თბილისში ოფისის გახსნა არის მკაფიო გზავნილი, რომ საქართველოში ბიზნესის კეთება არის უსაფრთხო და მომგებიანი”, – განაცხადა ნიკოლოზ ალავიძემ.
ცნობისათვის, საერთაშორისო კომპანიის ქართული წარმომადგენლობა ორი ქართული აუდიტორული კომპანიის „ახვლედიანი აუდიტ კონსალტინგისა“ და „ათოსის“ შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა, რითაც ერთ-ერთი ყველაზე დინამიური და ზრდაზე ორიენტირებული აუდიტორული და ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანია შეიქმნა საქართველოში.
„რასელ ბედფორდ ინთერნეშენალი“ დაფუძნებულია 1983 წელს და ის შედის მსოფლიოს წამყვან საბუღალტრო და აუდიტორულ ქსელებში. „რასელ ბედფორდი“ ევროპის, ამერიკის, შუა აღმოსავლეთის, აფრიკისა და აზია-წყნარი ოკეანის 80-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. „რასელ ბედფორდ ინთერნეშენალი“ IFAC ფირმების ფორუმის სრული წევრია. მას აქვს მსოფლიო მასშტაბით კოორდინირებული ხარისხის კონტროლის პროგრამა და ნაკისრი აქვს ვალდებულება გამოიყენოს აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები