ივანე მაჭავარიანი: ქვეყანა უნდა ვითარდებოდეს, პენსიები უნდა რიგდებოდეს, სახელმწიფო უნდა ფუნქციონირებდეს – ეს არის ჩემი, როგორც ფინანსთა მინისტრის მთავარი ამოცანა

0

„მე ერთი რამის მჯერა, მიუხედავად იმისა, რა სისტემით ჩატარდება 2020 წლის ან 2024 წლის არჩევნები, ნებისმიერ შემთხვევაში, ქვეყანა უნდა ვითარდებოდეს, პენსიები უნდა რიგდებოდეს, სახელმწიფო უნდა ფუნქციონირებდეს, ყველა ის მთავარი ფუნქცია, რაც სახელმწიფოს აქვს, სრულფასოვნად უნდა ფუნქციონირებდეს”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში უმრავლესობასთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.

როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე მთავარი განხილვის თემა იყო 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი და ის მოსაზრებები და წინადადებები, რომელიც გამოთქმული იყო დეპუტატების მხრიდან 13 ნოემბერს ბიუჯეტის პროექტის პარლამენტში განხილვის დროს.

„პოლიტიკური პერიპეტიები იყო ამ ქვეყანაში ბოლო 30 წლის განმავლობაში, ალბათ, პოლიტიკური პერიპეტიები მომავალშიც იქნება, თუმცა, მთავარი არის ის, რომ სახელმწიფომ თავისი ძირითადი ფუნქციები შეუფერხებლად, ეფექტურად დროულად შეასრულოს. ეს არის ჩემი, როგორც ფინანსთა მინისტრის მთავარი ამოცანა. ეს იყო ტექნიკური შეხვედრა, რომელზეც ბიუჯეტი განვიხილეთ ზოგ შემთხვევაში პროექტების, ზოგ შემთხვევაში მუნიციპალიტეტებისა და სექტორალურ დონემდე. ეს არის ბუნებრივი პროცესი პარლამენტსა და მთავრობას შორის. რაც არ უნდა ხდებოდეს ქვეყანაში, ეს პროცესი უნდა იყოს გამართული და ვერანაირი გავლენა პოლიტიკურმა პერიპეტიებმა ვერ უნდა მოახდინოს“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, ბიუჯეტის საბოლოო დამტკიცემადე დარჩენილია რამდენიმე კვირა და მთავარი ამოცანაა, დარჩენილ პერიოდში ბიუჯეტში შეძლებისდაგვარად მოხდეს დეპუტატების მხრიდან გამოთქმული მოსაზრებების ასახვა.

კომენტარები

კომენტარი