ქართლის ქარის ელექტროსადგურის 100%-იანი წილის გასხვისების აუქციონი გაიმართა

ქართლის ქარის ელექტროსადგურის 100%-იანი წილის გასხვისების აუქციონი გაიმართა. აუქციონში კომპანია შპს “კავკასიის ქარის კომპანიამ” გაიმარჯვა, რომელმაც შეძენის ფასი 14,400,000,00 აშშ დოლარი (თოთხმეტი მილიონ ოთხასი ათასი) დააფიქსირა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გამარჯვებულ კომპანიასთან 10 დღის ვადაში წილის შესყიდვის წინარე ხელშეკრულება გაფორმდება. წილის შესყიდვის წინარე ხელშეკრულების გაფორმებიდან 40 დღის განმავლობაში კი შპს „კავკასიის ქარის კომპანიას” აქვს შესაძლებობა აწარმოოს მოლაპარაკება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან სესხის გადაყოლის შესახებ. თუ არ შედგება შეთანხმება, მაშინ კომპანია ვალდებულია მოახდინოს ჯერ სესხის თანხის გადაფარვა, ხოლო შემდგომ კი “გამყიდველების” მიერ განსაზღვრულ საბანკო ანგარიშზე “შეძენის ფასის” ჩარიცხვა.
სს “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისა” და სს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის” მიერ შპს “ქართლის ქარის ელექტროსადგურის” 100%–იანი წილის საჯარო აუქციონით გაყიდვის მიზნით განაცხადი 16 სექტემბერს გამოქვეყნდა და სააუქციონო დოკუმენტაცია ცხრა კომპანიამ გაიტანა. კომპანიის საბაზრო საწყისი ღირებულება 14, 250, 000 აშშ დოლარს შეადგენდა. ქართლის ქარის ელექტროსადგური ექსპლუატაციაში 2016 წლის დეკემბერში შევიდა, მისი დადგმული სიმძლავრე 20.7 მეგავატს შეადგენს, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება კი 84,1 მილიონი კილოვატ საათია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები