იგეგმება თუ არა იტუმ კალესა და შატილის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა – ზურაბ აბაშიძე კადიროვს პასუხობს

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის თქმით, იტუმ კალესა და შატილის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა არ იგეგმება, მეტიც, საკითხის განხილვა არც ერთ ფორმატში არასდროს მომხდარა.

ამის შესახებ აბაშიძემ „კვირას“ რამზან კადიროვის მიერ მორიგი შესაბამისი შინაარსის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

„დროდადრო გვესმის ასეთი განცხადებები. ეს საკითხი არსად არც განხილულა და არც განიხილება. არც ერთ ფორმატში ამ საკითხის განხილვა არ მომხდარა. არც რამე იგეგმება. არანაირი საუბარი ამის თაობაზე არსად მიმდინარეობს რუსეთის მთავრობასთან“, – განმარტა აბაშიძემ.

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი საქართველო-ჩეჩნეთს შორის პირდაპირი სამანქანო გზის გაყვანაზე ისევ ალაპარაკდა.

მისი თქმით, „სოფელ იტუმ კალედან საქართველომდე ჩასვლას 40-50 წუთი სჭირდება, გზა გვქონდა იქ. თუ გზა გაიხსნება, თურქეთის გავლით, ევროპაში ხვდები, ჩრდილოეთ კავკასიისთვის ეს ძალიან საჭირო გზაა“.

ჩეჩნეთის რაიონ იტუმ კალესა და შატილის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე საუბარი ჯერ კიდევ 1990-იან წლებში დაიწყო, თუმცა საბოლოოდ ის არ გახსნილა.

2018 წლის სექტემბერში რუსეთის საგზაო მშენებლობის სახელმწიფო სამმართველოს უფროსმა, რომან სტაროვოიტმა განაცხადა, რომ ჩეჩნეთიდან საქართველოს მიმართულებით ახალი სამანქანო გზის მშენებლობა გაგრძელდებოდა.

ანალოგიური განცხადება მან 2018 წელსაც გააკეთა.

“დარწმუნებული ვარ, რომ მოვა დრო, როდესაც ნანგრევებისგან გავწმინდავთ ჩეჩნეთიდან საქართველოსკენ მიმავალ გზას, გადავაქცევთ მას თანამედროვე, მეგობრობის გზად საქართველოსა და რუსეთს შორის, და საბოლოოდ, არღუნის ხეობაში ავაშენებთ რკინიგზას, რომელიც გროზნოს გავლით დააკავშირებს მოსკოვს, თბილისსა და თურქეთს”, – განაცხადა კადიროვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები