პაატა კვიჟინაძე: ბიუჯეტი ყველანაირად აკმაყოფილებს კარგი ბიუჯეტისათვის საჭირო მოთხოვნებს

“ეს ბიუჯეტი, ისევე როგორც ბოლო წლების ყველა ბიუჯეტი, დაბალანსებულია და აკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას და კანონს, რომელიც არის ევროკავშირის მოთხოვნებით, მაასტრიხტის ხელშეკრულებით და ასევე ჩვენი კანონმდებლობით გათვალისწინებული. ამასთანავე, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სავალუტო ფონდი ეთანხმება და მხარს უჭერს ამ ბიუჯეტს, ეს ნიშნავს, რომ მართლაც ბიუჯეტი არის გაწონასწორებული და ყველანაირად აკმაყოფილებს კარგი ბიუჯეტისათვის საჭირო მოთხოვნებს”, –  განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის სახელით პაატა კვიჟინაძემ ბიუჯეტის პროექტის შეფასებისას.

მან მოკლედ ისაუბრა ბიუჯეტის განვითარების ორ მიმართულებაზე და თქვა, რომ ერთი მხრივ ძალიან სერიოზულად იზრდება სოციალური საკითხები, პენსიები, ხელფასები და მეორე მხრივ, იმის მიუხედავად, რომ სოციალური საკითხები იზრდება, არ მცირდება ინვესტიციები.

პაატა კვიჟინაძემ კოლეგების საპასუხოდ – რატომ მოხდა, რომ ბიუჯეტის პირველი განხილვის შემდეგ მეორე განხილვაზე არ მოემატა თანხა, განაცხადა -„ადრე პირიქით იყო, იმას ამბობდით, რატომ ემატება ამდენი თანხა 400 -500 მილიონიო. მე გეტყვით რატომ მოხდა ეს, რა თქმა უნდა მიზეზი ისიც იყო, რომ ბიუჯეტი იყო კარგი მომზადებული, მაგრამ, ამის გარდა ჩვენ რეგლამენტში მივიღეთ სერიოზული ცვლილება, რომელსაც მიესალმნენ ჩვენი პარტნიორები დასავლეთიდან, რაც ითვალისწინებს იმას, რომ ჩვენ ვართ საპარლამენტო ქვეყანა და საპარლამენტო ზედამხედველობა გაიზარდა.
როდესაც მთავრობა შემოიტანდა ბიუჯეტს, 1 ოქტომბერს, 15 კომიტეტი იხილავდა და ყველა კომიტეტი თავის საკურატორო სამინისტროსთვის ითხოვდა ასეულობით მილიონ ლარს, შემდეგ მოდიოდნენ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში, ეს კომიტეტიც მიაკრავდა თავის თემას და გამოდიოდა, რომ 1,5 -2 მილიარდის მოთხოვნა იყო, მერე მთავრობა ისევ ისე აბრუნებდა და არ ითვალისწინებდა იმიტომ, რომ არარეალური იყო. მთავრობა და პარლამენტი რეალურად მოწყვეტილი იყო ერთმანეთს”, -განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ წელს პირველად საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მთავრობასთან იხილავს კომიტეტების მომზადებულ შენიშვნებს და აკეთებს ერთ დასკვნას, რომელშიც უნდა იყოს რეალისტურად ასახული რიცხვები.

„ჩვენ ამ თემაზე ვიმუშავეთ, არ იყო ადვილი, მაგრამ ეს არ იყო უპასუხისმგებლოდ დაწერილი დასკვნა, აქვე მითითებული იყო საიდან შეიძლებოდა ამ თანხების მოზიდვა. რა თმა უნდა კონკრეტული რიცხვები არ დაგვიწერია, ეს შეუძლებელიც იყო, მარგამ ჩვენ ვთვლიდით, რომ ის რაც არის დაგეგმილი 4,5% ზრდა და 4,5% დეფლატორი, აშკარად მეტი იქნება წელს და თავისთავად სასტარტო მონაცემები მშპ-ს გაისისთვის აშკარად მეტი ექნება. ეს ყველაფერი ავსახეთ დასკვნაში”, – აღნიშნა კვიჟინაძემ.

მან ასევე თხოვნით მიმართა მინისტრს, რაღაცნაირად მოხდეს რეგიონული განვითრების ფონდის გაზრდა და მეორე – ვეტერანებისთვის დახმარების გაზრდა.

მან უპასუხა კოლეგების მიერ გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს და ყურადღება გაამახვილა 2012 წლის შემდეგ საბიუჯეტო თანხების ზრდის დინამიკაზე, რომელიც მილიარდ 300 მილიონით გაიზარდა, შედარებისთვის გაიხსენა 2004-დან 2012 წლამდე არსებული საბიუჯეტო ზრდის ტემპი, რომელიც სულ 700 მილიონს შეადგენდა. ასევე ისაუბრა ბიზნესის მაშინდელ და ახლანდელ მდგომარეობაზეც.

პაატა კვიჟინაძემ თავის დასკვნით სიტყვაში იმედი გამოთქვა, რომ დასკვნაში ასახული საკითხები ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში გათვალისწინებული იქნება.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები