აგრესიული რეგულაციების გვერდითი მოვლენები სამშენებლო ბაზარზე – ფასების ზრდა

ბოლო პერიოდში თბილისის სამშენებლო ბაზარზე ფასები მკვეთრად, კვადრატულ მეტრზე საშუალოდ $100–ით გაიზარდა. ეს მოცემულობა შეუქცევადია და მნიშვნელოვანწილად ახალ სამშენებლო რეგულაციებს უკავშირდება.

სამშენებლო ბაზრის გაჯანსაღებისა და შრომის, ასევე შენობების ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ მაცხოვრებლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელიც იყო სახანძრო უსაფრთხოების სისტემების სავალდებულოდ გათვალისწინება. მარტივად განვმარტოთ, რატომ გააძვირა ბინები თუნდაც ამ კონკრეტულმა რეგულაციამ: ნებისმიერ კორპუსში, რომელიც ახალი რეგულაციების პირობებში შენდება, სავალდებულოა ალტერნატიული სახანძრო/საავარიე კიბის არსებობა. ხანძრის შემთხვევაში ლიფტით სარგებლობა რომ ყოვლად დაუშვებელია, ეს ყველასთვის ცნობილია. შესაბამისად, თუ ხანძარი გაჩნდება კიბის ერთ უჯრედში, შენობაში მყოფი ადამიანები ალტერნატიული კიბიდან შეძლებენ სახიფათო ზონის დატოვებას. ალტერნატიული კიბის დამატება, სამშენებლო კომპანიისთვის სოლიდურ თანხებთან არის დაკავშირებული და ეს ის ხარჯია, რომლის ამოღებას კიბის უჯრედის გაყიდვით ვერ ამოიღებს მშენებელი. შესაბამისად, ეს თანხა ემატება თვითღირებულებას და საბოლოოდ ვღებულობთ ბინის კვადრატულ მეტრზე მომატებულ ფასს.

გარდა ალტერნატიული კიბისა, ხანძარსაწინააღმდეგო ავზების მოწყობაც სავალდებულო გახდა შენობების სარდაფებში, რომლებიც შესაბამისი ტუმბოებით აღიჭურვება და ხანძრის შემთხვევაში მომენტალურად ამოქმედდება. ამ რეგულაციით გამოწვეული დამატებითი ხარჯებიც, რა თქმა უნდა, ბინის ფასებში აისახება.

ეს მცირედი მაგალითებია იმ რეგულაციებიდან, რომლებიც უძრავი ქონების ფასის მატებას განაპირობებენ და დროთა განმავლობაში ეს ტენდენცია კიდევ უფრო გაუარესდება.

“მენაშენეთა ასოციაციაში“ სრულად უჭერენ მხარს სამშენებლო რეგულაციებს, მეტიც, ამ საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორებიც კი იყვნენ. თუმცა, ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი ფიქრობს, რომ რეგულაციები ეტაპობრივად უნდა განხორციელებულიყო, რათა ბაზარზე მკვეთრი რყევები არ მომხდარიყო და მენაშენეებიც უფრო მომზადებული დახვედროდნენ ახალ წესებს.

“ახალი რეგულაციები 2017 წლის 1-ლი იანვრიდან შემოვიდა და ის პროექტები, რომლებიც 2017 წლამდე იყო დამტკიცებული, შენდებოდა გაცილებით იაფად. მაგალითად, 2017 წლის 10 იანვარს ძველი სტანდარტით იყო აშენებული 1000 შენობა და ახლით – მხოლოდ ერთი. დღეს უკვე ორი წელი გავიდა და ძველი სტანდარტებით აშენებული ბინების უმეტესობა გაიყიდა. შესაბამისად, ბალანსი შეიცვალა. დღეს დაახლოებით 60% უკვე ახალი მოთხოვნების შესაბამისად შენდება, 40% კი ისევ ძველით. აქედან გამომდინარე, ბაზარზე რაც უფრო იკლებს ძველი პროექტების რაოდენობა, მით უფრო იმატებს ბინების საშუალო ფასი. შესაბამისად, უახლოესი ერთი წლის განმავლობაში ფასი კიდევ გაიზრდება, მაგრამ ზრდა ერთი წლის თავზე კი არ მოხდება, არამედ ეტაპობრივად. ფასების ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება და ერთი წლის შემდეგ, საშუალოდ, $100 აიწევს ბინების ფასი“, – ამბობს „მენაშენეთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი.

მისივე თქმით, სამშენებლო ბაზარზე ნაკლებ რყევებს გამოიწვევდა რეგულაციების არა აგრესიული, ერთბაში, არამედ ეტაპობრივი შემოღება.

“წარმოიდგინეთ, ექიმმა პაციენტს გამოუწერა 30 აბი წამალი, რომლებიც ერთი თვის განმავლობაში უნდა მიიღოს, ავადმყოფმა კი გადაწყვიტა, ოცდაათივე აბის ერთ დღეში მიღება სწრაფად გამოჯანმრთელების მიზნით. რას მივიღებთ შედეგად – პაციენტი გარდაიცვლება. იგივეა ნებისმიერ ბიზნესშიც, რეგულაციები ეტაპობრივად უნდა შემოგვეღო და აუცილებლად დაგვეწყო შრომის უსაფრთხოების მიმართულებიდან. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებით კვადრატული მეტრი ბინის ფასის $15–20–ით გაზრდა ნამდვილად უკეთესია, ვიდრე ყოველწლიურად 5 მუშა დაგვეღუპოს“, – აცხადებს ირაკლი როსტომაშვილი.

დავუბრუნდეთ სახანძრო უსაფრთხოების ახალ მოთხოვნებს. ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების მონტაჟის და შენობის ექსპლუატაციაში ჩაბარების შემდეგ არ არსებობს კომპანია, სპეციალისტების ჯგუფი, რომელიც ამ დანადგარებს მოემსახურება. წარმოვიდგინოთ, გვაქვს ცეცხლმაქრი, რომელსაც ინსტრუქციის დაცვით არ ვცვლით, არ არ ვაახლებთ – ხანძართან ბრძოლაში ის არ გამოგვადგება.

ირაკლი როსტომაშვილი რეგულაციების ეტაპობრივად შემოღების უპირატესობას ბევრი ასეთი პრობლემის წარმოქმნითაც ხსნის, რომლებიც მომავალში აუცილებლად იჩენენ თავს.

“ახალი რეგულაციებით სავალდებულო უზარმაზარი წყლის ავზები, ტუმბოები, რომელიც წყალს აწვდის სისტემა, ცეცხლს აქრობს, სიგნალიზაციის სისტემა და ასე შემდეგ ყველა მოწყობილობა/დანადგარი მუდმივ კვალიფიციურ მოვლა–პატრონობას საჭიროებს. ეს მოთხოვნები სწორია, მაგრამ ვითარება ასეთია – მშენებელი აშენებს სახლს, ყიდის და გადის პროექტიდან. რეალურად, ამ ტექნოლოგიურ მოწყობილობებს მომვლელი აღარ ჰყავს. შენობის მოსახლეებს ჰგონიათ, რომ უსაფრთხოების სისტემა აქვთ, თუმცა რეალურად ის მოვლის და შესაბამისი ტექნიკური უზრუნველყოფის გარეშე ვერ იმუშავებს. მაგალითად, ჩვეულებრივი ცეცხლმაქრი დროთა განმავლობაში თუ არ განაახლე, ის ხომ ვერ იმუშავებს? შესაბამისად, შემოსაღებია სავალდებულო მოვლის მოთხოვნა და გაჩნდებიან კომპანიები, რომლებიც სახლებში ამ დანადგარებს მოუვლიან. ამით მოხდება უსაფრთხოების რეალური უზრუნველყოფა. თუმცა, ამას სჭირდება ფული, რომელიც მოსახლეობამ მუდმივად უნდა გადაიხადოს იმისთვის, რომ, მწყობრში იყოს სისტემა. როგორც ლიფტის ფულს ვკრეფთ ყოველთვიურად, იგივე პრინციპით უნდა მოხდეს ამ დანადგარების მომსახურება. შესაბამისად, აუცილებელია საერთო საკუთრების სავალდებულო მოვლა–პატრონობის დაკანონება“, – მიაჩნია „მენაშენეთა ასოციაციის“ თავმჯდომარეს.

საბოლოოდ, სამშენებლო რეგულაციების დახვეწა, ზემოხსენებული თუნდაც მცირე საჭიროებების გამოა აუცილებელი, რათა შედეგად არა მხოლოდ ფასების მატება, არამედ რეალური ეფექტები მივიღოთ უსაფრთხოების, ქალაქის სწორად განაშენიანებისა და ზოგადად, თბილისელების ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები