ყინწვისი-გვერძინეთი-ტყემლოვანას გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ადგილობრივი მნიშვნელობის ყინწვისი-გვერძინეთი-ტყემლოვანას საავტომობილო გზის 15.4 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, არსებული გზა ძირითადად გრუნტის იყო, რაც გადაადგილებას მნიშვნელოვნად აფერხებდა. პროექტის ფარგლებში, გზის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება. განახლდება ხელოვნური ნაგებობები, მოეწყობა კიუვეტები და გაბიონები, მდინარე ძამაზე ახალი სახიდე გადასასვლელი აშენდება. ასევე, დაგეგმილია ადგილობრივ გზებთან მიერთებების, ადგილობრივი შესასვლელების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელებისა და საგზაო ნიშნების მოწყობა. ამ დროისთვის, მიწის სამუშაოები და გზის საფარის მოწყობა მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი სოფელ ყინწვისის მიდამოებში იწყება და გვერძინეთის გავლით სოფელ ტყემლოვანამდე გრძელდება. აღნიშნული გზა, მდინარე ძამას ხეობაში არსებული ეკლესია-მონასტრისათვის ერთადერთი მისასვლელი გზაა. ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, ამ გზით ძამას ხეობაში არსებულ სამონასტრო კომპლექსებში მოღვაწე ბერ-მონაზვნები, მომლოცველები და ტურისტები სარგებლობენ.

აღსანიშნავია, რომ სამომავლო პერსპექტივაში ყინწვისი-გვერძინეთი-ტყემლოვანას გზის გაგრძელებით ქარელის მუნიციპალიტეტი უმოკლესი გზით დაუკავშირდება ბორჯომის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე საკურორტო დასახლებებს (ბაკურიანი, მიტარბი და სხვა).

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 14 489 880 ლარია. სამუშაოების დასრულება 2020 წლის აგვისტოშია დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები