ირაკლი კობახიძე: მთავარი ამოცანა ჩვენთვის გრძელვადიან პერსპექტივაში არის ავტოკრატიის ყოველგვარი თეორიული შანსის გამორიცხვა

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავენ, აღნიშნა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემას, რისკებთან ერთად, უფრო მეტი დადებითი მხარე აქვს.

„მთავარი დადებითი მხარე მდგომრეობს იმაში, რომ პროპორციული სისტემის პირობებში ამომრჩევლის მხარდაჭერა ზუსტად, თითქმის პირდაპირპროპორციულად აისახება პარლამენტში განაწილებულ მანდატებში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განმარტებით, პროპორციული საარჩევნო სისტემის დროს, წარმომადგენლობით ორგანოში შესაბამისად არის უზრუნველყოფილი პოლიტიკური პლურალიზმის მაღალი ხარისხი; პროპორციული სისტემისას, არჩევნები მეტად არის ორიენტირებული პარტიების მიერ წარდგენილ პროგრამებზე; პროპორციული არჩევნების დროს პარტიები არიან მოწოდებული აქტიურად იმუშაონ არა მხოლოდ იქ, სადაც მაჟორიტარული არჩევნების მოგების შანსით სარგებლობენ, არამედ ყველა საარჩევნო ზონაში; პროპორციული საარჩევნო სისტემა ყველაზე უკეთ უწყობს ხელს პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციას და პარტიული სისტემის განვითარებას, მის ინსტიტუციონალიზაცია; თითქმის სრულად გამოირიცხება სახელმწიფოში ავტორიტარული მმართველობის ჩამოყალიბება; ასეთ შემთხვევაში, მეტ ქალს ეძლევა წარმომადგენლობის შესაძლებლობა საქართველოს პარლამენტში.

„თითოეული ეს დადებითი მხარე ძალიან მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ყველა სისტემას აქვს თავისი პლუსები, თავისი მინუსები. ჩვენ უნდა ავწონ-დავწონოთ ის, თუ სად არის მეტი პლუსი, სად არის მეტი მინუსი და ამის საფუძველზე მივიღოთ პრინციპული გადაწყვეტილება”, – აღნიშნა ირკალი კობახიძემ.

მისი თქმით, მთავარი ამოცანა და გამოწვევა არის გრძელვადიან პერსპექტივაში ავტოკრატიის ყოველგვარი თეორიული შანსის გამორიცხვა, რის საუკეთესო შესაძლებლობასაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლა იძლევა.

მან კოლეგებს 2010 წელს მიღებული კონსტიტუციის მიზანი შეახსენა.” ნაცმოძრაობის ერთადერთი მიზანი იყო ის, რომ განემტკიცებინათ სააკაშვილის ჭარბი, ავტორიტარული, თითქმის ტოტალიტარული ძალაუფლება გაეხანგრძლივებინათ უკვე პრემიერის რანგში. ჩვენ ეს პროავტორიტარული კონსტიტუცია შევცვალეთ ახალი, თანამედროვე, ევროპული სტანდარტების მქონე დემოკრატიული კონსტიტუციით, თუმცა იქაც კი არ მოინდომა ოპოზიციამ მხარდაჭერა. ეს მათ პოლიტიკურ კულტურაზე მეტყველებს”, – განაცხადა მომხსენებელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები