ნინო ბურჯანაძე: არავინ დაიჯერებს იმას, რომ ცალკეული დეპუტატები გინდათ ხუნდაძე, გინდათ ოქრიაშვილი დამოუკიდებლად მოქმედებენ

მინდა იმედი ვიქონია, რომ ივანიშვილის ეს გადაწყვეტილება არ შეიცვლება და ხელისუფლებას გონიერება ეყოფა, რომ დანაპირები, რომელიც გაცემული იყო საქართველოს მოსახლეობის, ოპოზიციის, მთელი მსოფლიოს წინაშე არ იქნება შეცვლილი, – ამის შესახებ “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ 2020 წლისთვის საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით “ლეიბორისტული” პარტიის ოფისთან განაცხადა, სადაც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იკრიბებიან.

ბურჯანაძის თქმით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის მიზანი, ხელისუფლებისთვის დანაპირების შესრულებისკენ მოწოდებაა.

“ჩვენი დღეს აქ ყოფნა საუბრობს იმაზე, რომ ჩვენ ყველანი ძალიან დიდი მოლოდინით ვადევნებთ თვალს მიმდინარე მოვლენებს. მე ვთვლი, რომ ხელისუფლების მხრიდან, პირადად ივანიშვილის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები 20 ივნისის მოვლენების შემდგომ იყო ძალიან მნიშვნელოვანი და სწორი, ადეკვატური ნაბიჯი. მინდა იმედი ვიქონია, რომ ივანიშვილის ეს გადაწყვეტილება არ შეიცვლება და ხელისუფლებას გონიერება ეყოფა, რომ დანაპირები, რომელიც გაცემული იყო საქართველოს მოსახლეობის, ოპოზიციის, მთელი მსოფლიოს წინაშე არ იქნება შეცვლილი. რადგან ეს ძალიან მძიმე პოლიტიკურ კრიზისს გამოიწვევს. ჩვენი ერთად შეკრება არის მოწოდება, პირველ რიგში ხელისუფლებისთვის, რომ დანაპირების შესრულებისთვის ყველაფერი გააკეთონ და ამავდროულად, გაფრთხილება ყველა იმ დეპუტატის, რომელიც ახლა ვაჭრობს და ცდილობს თავისთვის სერიოზული დივიდენდები მიიღოს, თუ ეს არ არის რა თქმა უნდა ხელისუფლების დაკვეთა. ხელისუფლება პასუხისმგებლობას თავიდან ვერ აიცილებს, არავინ დაიჯერებს იმას, რომ ცალკეული დეპუტატები გინდათ ხუნდაძე, გინდათ ოქრიაშვილი ამას აკეთებენ დამოუკიდებლად. შეიძლება ეს მათ პირად ინტერესში შედის, მაგრამ ხელისუფლებას აქვს იმის რესურსი, რომ თუ ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს არ უნდა ჩაგდება ამ კანონის მათ აქვთ რესურსი, რომ ამ დეპუტატებმა ვერ შეძლონ კანონპროექტის ჩაგდება”, – განმარტა ბურჯანაძემ.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პარლამენტში დღეს გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები