„უორდროპების საქართველო – ისტორია და დღევანდელობა“ – გამოფენა გაიხსნა

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში  გამოფენა – „უორდროპების საქართველო – ისტორია და დღევანდელობა“ გაიხსნა.
2019 წელს შესრულდა მარჯორი სკოტ უორდროპის დაბადებიდან 150 წელი. ამ თარიღს იუნესკო საერთაშორისო მასშტაბით აღნიშნავს. ამავე წელს შესრულდა ოლივერ უორდროპის დაბადებიდან 155 წელიც. მარჯორი და ოლივერ უორდროპების დიპლომატიური თუ ლიტერატურული საქმიანობის მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის განუზომლად დიდია. თანამედროვე კვლევები აჩვენებს, რომ ეს ღვაწლი ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ შესწავლილი და გამოვლენილი, გამუდმებით მიმდინარეობს ახალი მასალის აღმოჩენა და კვლევა.
ქართული საზოგადოება გარკვეულწილად იცნობს მარჯორი უორდროპს, მაგრამ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული მისი პირადი წერილები არაერთ სიახლეს სთავაზობს, როგორც პროფესიულ, ისე საქართველოს წარსულითა და ლიტერატურით დაინტერესებულ საზოგადოებას.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება უორდროპების წერილობითი მემკვიდრეობა და მასთან დაკავშირებული სხვა საარქივო და პერიოდული მასალა, რომელიც დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში: უორდროპების მეგობრული და საქმიანი წერილები ილია ჭავჭავაძეს, ოლღა გურამიშვილეს, ექვთიმე თაყაიშვილს, კორნელი კეკელიძეს, ვასილ კარბელაშვილს და სხვებს; ის უნიკალური ხელნაწერი წიგნები, რომლებმაც საქართველოზე შეყვარებული და-ძმა მოხიბლეს თავისი ფორმითა თუ შინაარსით და მათ თარგმნეს ინგლისურად, რათა დასავლური სამყაროსათვის წარედგინათ ამ შედევრების შემქმნელი კულტურა: „ვეფხისტყაოსნის“ რამდენიმე უნიკალური ნუსხა, სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე-სიცრუისა“, „წმინდა ნინოს ცხოვრება“.
გამოფენა 19 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება და მოიცავს საგანმანათლებლო ნაწილს, კერძოდ, სალექციო შეხვედრებსა და სხვადასხვა აქტივობებს სკოლის მოსწავლეებისთვის.

სალექციო შეხვედრები:
პროექტის ფარგლებში შედგება სალექციო შეხვედრები უორდროპების მოღვაწეობისა და მათ მემკვიდრეობის შესახებ:
• „უორდროპები და საქართველო საუკუნეთა მიჯნაზე“ – ნიკოლოზ ალექსიძე, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ავტორი წიგნისა „საქართველო – კულტურული მოგზაურობა უორდროპების კოლექციაში“. 14 ნოემბერი, 18:00 საათი.
• „მარჯორი უორდროპის თარგმანი – საქართველოს უცხოური პასპორტი“. ლევან ბერძენიშვილი. ფილოლოგიის დოქტორი. 15 ნოემბერი, 18:00 საათი.

ღია სივრცე მოსწავლეთათვის: ამ ფორმატში 14 ნოემბერს 12 საათზე უორდროპების საგამოფენო პროექტს უმასპინძლებს წმინდა გიორგის სახელობს ბრიტანულ-ქართული სკოლის XI კლასის მოსწავლე ელენე ლეკვეიშვილი. ელენე თანატოლებს წარუდგენს პრეზენტაციას „უორდროპები და ილია ჭავჭავაძე – პირადი წერილები“.
ახალგაზრდები განსხვავებული შეფასებების კრიტერიუმებით უდგებიან მოვლენებს, ფაქტებს. ასევე განსხვავებულია მათ მიერ დასმული აქცენტები და ერთმანეთთან აკადემიური კომუნიკაციის ფორმები და ფრაზეოლოგიააც კი. სწორედ ამიტომ ელენე ლეკვეიშვილი წარუდგენს თანატოლებს იმ დაკვირვებებს და დასკვნებს, რომლებიც მან გააკეთა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო კოლექციებში დაცული უორდროპების მიმოწერის მიხედვით. პრეზენტაციაზე მოწვეულნი არიან ელენეს თანატოლები ქართულ-ბრიტანული სკოლიდან და სკოლა „თამარიონიდან“.
უორდროპების წერილი შენთვის – ამ სახელწოდების საგანმანათლებლო აქტივობა დაგეგმილია საგამოფენო კვირის ფარგლებში (13-19 ნოემბერი). აქტივობა განკუთვნილია სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისათვის. გამოფენაზე მოსულ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ საგანგებო კონვერტით, მარჯორი ან ოლივერ უორდროპისაგნ,ა „მიიღონ“ წერილი, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლასთან, ბრიტანეთისა და საქართველოს ურთიერთობასთან და სხვ. მოსწავლეთა მცირე ჯგუფებს ექნებათ სათანადო დრო, რათა უპასუხონ ამ კონკრეტულ გზავნილს და ამ გზით შედგეს დიალოგი XIX-XX საუკუნეების ევროპელ მოღვაწეებსა და ჩვენს თანამედროვეობაში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები