ზაალ ანჯაფარიძე მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაზე: ძალიან სავალალო სურათი იხილა საზოგადოებამ
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, უზენესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების პარლამენტში მოსმენისას სავალალო სურათი გამოჩნდა. ამასთან დაკავშირებით ანჯაფარიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერნეციაზე ისაუბრა.
„ვუსმინე რამდენიმე კანდიდატს და პირდაპირ გეტყვით, რომ ძალიან სავალალო სურათი იხილა საზოგადოებამ, როცა უსმენდა მათ პასუხებს კითხვებზე. ასევე ზოგადად, თუნდაც მათი მომზადება, განათლება, პიროვნული თვისებები… ვისურვებდი, რომ უზენაეს სასამართლოში გაცილებით უფრო კვალიფიციური, მომზადებული ადამიანები შესულიყვნენ. მართლა იმაზე ხომ არაა საქმე, რომ რადგანაც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების ნაკლებობაა, იქ შევიყვანოთ ხალხი, რომლებიც შემდეგ იქ იქნებიან მინიმუმ 20, 30 წელი და მათი კომპეტენცია, მონაცემები, წარსული არ იძლევა იმის საფუძველს რომ ისინი იქნებიან აბსოლუტუარდ დამოუკიდებლები და მიიღებენ სამართლიან გადაწყვეტილებებს. ვფიქრობ, ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, რომ მოსამართლეების ნაწილი დაამტკიცოს შემდგომი მოწვევის პარლამენტმა, სასურველია, შესრულდეს. რაც შეეხება სახალხო დამცველის სარჩელს, ვფიქრობ, ეს დაგვიანებულია და ამ პროცესზე გავლენას ვერ მოახდენს“, – განაცხადა ანჯაფარიძემ.
ცნობისთვის, სახალხო დამცველი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.
ნინო ლომჯარიამ საკონსტიტუციო სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ, მოქალაქის საჯარო თანამდებობის დაკავების (კონსტიტუციის 25-1), სამართლიან სასამართლოზე წვდომის უფლებებს (კონსტიტუციის 31-1 პირველი წინადადება) და დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს უზრუნველმყოფელ პრინციპს (კონსტიტუციის 31-1).
თამუნა შეყილაძე