თეთრიწყაროში, ქვემო ახალშენის ნასოფლარში არქეოლოგიური სამუშაოების მორიგი ეტაპი დასრულდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფ. ქვემო ახალშენის ნასოფლარში დასრულდა 2019 წელს გათვალისწინებული არქეოლოგიური კვლევა-ძიების სამუშაოების მორიგი ეტაპი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურის უფროსი სპეციალისტი ქეთევან დიღმელაშვილი ხელმძღვანელობდა.
„ამ ეტაპზე სამუშაოები წარიმართა ერთსენაკიან ნაგებობად მიჩნეულ ნაგებობაში. ის სხვადასხვა ზომის ბაზალტის ნატეხი ქვითაა ნაგები. აქვს მართკუთხედის ფორმა, ფასადი სამხრეთის მხარესაა. აქედანვე აქვს შესასვლელი. როგორც ჩანს, ჩრდილოეთის კედლით ნაწილობრივ მიწაში უნდა ყოფილიყო შემჯდარი. კედლების შემორჩენილი სიმაღლე მიწის ამჟამინდელი ზედაპირიდან 1 მეტრს აღწევს. ნაგებობას აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით შემდგომი ეტაპის უფორმო მინაშენები ქონია.ნაგებობას ძელური გადახურვა ქონია, რომელიც დარბაზში აღმართულ ხის სვეტებს ეყრდნობოდა.
არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად გამოვლენილია სხვადასხვა დანიშნულების არტეფაქტები:
სენაკის კუთვნილი კერის სამხრეთით, იატაკზე დალაგებული აღმოჩნდა მცირე ზომის ქოთანი, დერგის სახურავი და კეცი;

კერების აღმოსავლეთით სამიოდე მეტრში დაფიქსირდა სამეურნეო ორმო, რომლის აღმოსავლეთით იატაკზე დაფიქსირდა ორყურა ქვაბ-ქოთანი, ორყურა ქოთანი და მრავალფრად მოჭიქული ჯამის პირის მცირე ფრაგმენტი.
აღნიშნული სამუშაოების შედეგად შეიძლება ითქვას, რომ სოფელი, რომელსაც შესწავლილი ნაგებობა ეკუთვნის, არსებობის რამდენიმე ეტაპს მოითვლის და მოულოდნელი კატასტროფის შედეგად ჩანს განადგურებული. ამდენად, მისი შემადგენელი სახლების კვლევა საკმაოდ საინტერესო სურათისა და ინფორმაციის მომცემი იქნება განვითარებული შუა საუკუნეების სოფლის სტრუქტურისა და მოსახლეობის ყოფის აღდგენისთვის“, – აღნიშნულია კულტურული მემკვდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები