,,ერეკლექტიკა“  – ერეკლე წულაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

11 ნოემბერს, 19.00 საათზე, თბილისის ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში  მოქანდაკე ერეკლე წულაძის  მეორე პერსონალური გამოფენა – ,,ერეკლექტიკა“ გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზაოტრებმა აცნობეს, 11 ნოემბრის გამოფენაზე მოქანდაკე ერეკლე წულაძე ბოლო 4 წლის განმავლობაში შექმნილ 50-მდე სკულპტურულ ნამუშევარს წარმოადგენს, დამთვალიერებელს მისი ხილვისა და შეძენის საშუალება 10 დღის განმავლობაში თბილისის ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში ექნება.
ნამუშევრების ავტორისთვის, ამ გამოფენის მთავარი სათქმელი პერსონალური ცნობიერების ეკლექტიკის, გმირის, პერსონის შექმნა და სამყაროსთან მისი განსხვავებული შერწყმაა.
„ერეკლე წულაძე საკუთარ ნამუშევრებს ყოველთვის ადამიანებს უძღვნის, რომლებიც სიყვარულთან ერთად ხანდახან სძულს კიდეც, რადგან მიაჩნია, რომ ადამიანს რამდენადაც შეუძლია შექმნას საუკეთესო რამ, ამავდროულად შეუძლია ერთი ხელის მოსმით გააფუჭოს და ნაცრად აქციოს მისივე შექმნილი შედევრიც კი. ერეკლე წულაძის ქანდაკებები იძლევიან საშუალებას, ადამიანებს სარკეში დაანახოს საკუთარი თავი და აფიქროს საკუთარ შეცდომებსა თუ უშეცდომობაზე.
ეს ნამუშევრები, მისი ნათელი ფერიდან გამომდინარე სინათლისა და სოლიდარობის სიმბოლოა. ახალგაზრდა მოქანდაკის ინსპირაციის წყარო, ბავშვობის ზამთრის თოვლიანი დღეებია, როდესაც დიდი თოვლის მოსვლის შემდეგ უზარმაზარ თოვლის ბაბუებს დგამდა. პირველი ხელოვნური ქანდაკების შექმნაც სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება. ამიტომაც გასდევს თეთრი ხაზი მის შემოქმედებას და ნამუშევრების დიდი ნაწილიც თეთრი ფერისაა. შემდეგ იყო, სასკოლო ასაკი და პლასტელინის ფიგურები. ოჯახურმა ტრადიციამ შთამომავალზე არ დაისვენა. ბაბუა ცნობილი არქიტექტორი, მამა და ბიძა მოქანდაკეები. რა გასაკვირია ერეკლესაც საკუთარი ბედი სახვით ხელოვნებასთან დაეკავშირებინა. პედაგოგშიც ძალიან გაუმართლა, ბეჟან სულხანიშვილს ახალგაზრდის ტრანსფორმირება არ გაუჭირდა. იმ დროისთვის ადვილი არ იყო გამხდარიყავი პრეზიდენტის სტიპენდიანტი და თანაც პირადად მიგეღო ხანში შესული პირველი პირის ქათინაური.
ვერ იტყვის, რომ წარმატება მარტივად მოვიდა, თუმცა შრომამ თავისი სათქმელი თქვა. პირველი სერიოზული ნაშრომი ბათუმის ცნობილი ქანდაკება სახელწოდებით ,,მე შენ და ბათუმი“ დღემდე ერთ-ერთ საყვარელ სასურათე ლოკაციად რჩება ბათუმის ვიზიტორებისთვის. შემდეგ კი მთელი სერია ნათელი უალტერნატივო ნამუშევრებისა, რომელიც უჟანგავი ფოლადის, ანუდირებული მეტალის, ბროლის, ხელოვნური ქვის და სხვა თანამედროვე თაობების მასალისგან მზადდება. ამ მასალების გამოყენება გვიანი 90 იანი წლებიდან დაიწყეს, თუმცა ერეკლემ მათ სხვაგვარად ჩაბერა სული და შედეგიც განსხვავებული დადგა. ალბათ ამიტომაცაა, რომ მისმა ნამუშევრებმა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში: ჩინეთი, იაპონია, იორდანია, ისრაელი, ტაილანდი, ამერიკა, კანადა, პორტუგალია, საფრანგეთი, გერმანია, ინგლისი, იტალია, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, დაიდო ბინა. ისინი ამშვენებენ როგორც კერძო კოლექციებს ასევე მაღალი კლასის სასტუმროებსა და სხვა გარე თუ შიდა ინტერიერებს“, – აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მისამართი: შოთა რუსთაველის გამზირი #7.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები