დავით ზალკალიანი: მიღწეული წარმატებები ევროპის საბჭოსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირის შედეგია
“ჩვენ მიერ მიღწეული წარმატებები ევროპის საბჭოსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითია, ” – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის წარდგენისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმა ევროპის საბჭოსა და საქართველოს შორის კონსტრუქციული თანამშრომლობის შედეგად მომზადდა და აღნიშნულ წლებში საქართველოს მიერ ევროპის საბჭოსთან ერთად განსახორციელებელ პროექტებს მოიცავს. ამასთან, სამოქმედო გეგმის მიზანია დაეხმაროს საქართველოს ხელისუფლებას ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების მიმართულებით რეფორმების განხორციელებაში.
როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ პარტნიორების მხრიდან წარმატებულად შეფასდა წინა ორი გეგმის ფარგლებში განხორციელებული პროექტები, რომლებმაც უკვე მოიტანა ხელშესახები შედეგები, კერძოდ, მნიშვნელოვნად გაძლიერდა სახელმწიფო ინსტიტუტების შესაძლებლობები ადამიანის უფლებათა დაცვის, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გაძლიერების, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის, პენიტენციალური სისტემის რეფორმირებისა და თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების უზრუნველყოფის მიმართულებით.
წინა გეგმებზე საუბრისას, მინისტრმა განსაკუთრებულად გამოყო სტამბულის კონვენციის რატიფიკაცია და ზოგადად, გენდერული თანასწორობისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის აღმოფხვრის კუთხით გაწეული ძალისხმევა. ზალკალიანის თქმით, აღნიშნული გეგმების ფარგლებში, საქართველომ ნათლად გამოავლინა ევროპული ფასეულობებისადმი სწრაფვის სულისკვეთება. როგორც მან ხაზგასმით აღნიშნა, საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს გაძლიერებაში.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს, ევროპის საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს წინა სამოქმედო გეგმის განხორცილებისთვის გაწეული მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ მიღწეული შედეგები ნათლად აჩვენებს, რომ საქართველო ნამდვილად ეფექტიანად ახორციელებს ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც ნაკისრი აქვს ევროპის საბჭოს ფარგლებში.
ზალკალიანის თქმით, საქართველო მომავალშიც განაგრძობს ფართომასშტაბიანი რეფორმების განხორციელებას ევროპის საბჭოს სხვადასხვა ორგანოების ანგარიშებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით. ამასთან, პრიორიტეტები საქართველოსთვის კვლავ უცვლელია: საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური ჩარჩოს სრულყოფა და მოქალაქეებისთვის პრაქტიკული სარგებლის მოტანა. თუმცა, როგორც მინისტრმა აღნიშნა, რუსეთის ფედერაცია აფერხებს საქართველოს ხელისუფლების დაუღალავ ძალისხმევას ეს სარგებელი ოკუპირებულ ტეროტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვისაც გახადოს მისაწვდომი. ზალკალიანის თქმით, ამ კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ევროპის საბჭოს ნდობის აღდგენის ღონისძიებებს, რომელთა მიზანი ომისგან დაცალკევებული მოსახლეობის გაერთიანებაა.
2019 წლის 11 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას უმასპინძლა. სამოქმედო გეგმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩთან ერთად წარადგინა, რომელიც საქართველოს ვიზიტით 1 ნოემბერს ეწვია.