„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განცხადებას ავრცელებს
დედაქალაქში ამინდის გაუარესებისა და ყინვის გამო კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განცხადებას ავრცელებს. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, თებერვლის დასაწყისში დედაქალაქში მოსალოდნელ ძლიერ ყინვასთან დაკავშირებით, რეკომენდაციით მიმართავს თავის აბონენტებს, თადარიგი დაიჭირონ და შეფუთონ ან დაათბუნონ კუთვნილი წყალსადენისა და საკანალიზაციო მიწისზედა ქსელები, ანუ კუთვნილი ღია კომუნიკაციები, რომლითაც მათ ონკანამდე წყალი მიეწოდებათ. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ასევე სთხოვს თბილისელებს, შეფუთონ ის აღრიცხვის კვანძები, რომლებიც დამონტაჟებულია მათ ეზოებსა და ღია ტიპის ნაგებობებში. აღნიშნული ქმედებით კომპანიის აბონენტები შეძლებენ, თავიდან აიცილონ რიგი პრობლემები და შეფერხებები წყლის მიწოდებაში, რაც შესაძლებელია გამოიწვიოს ლოკალურმა ავარიულმა დაზიანებამ მომხმარებლის კუთვნილ ქსელზე, მილებში წყლის გაყინვამ და მრიცხველის მწყობრიდან გამოსვლამ. კომპანიის რეკომენდაცია სასურველია გაითვალისწინოს თბილისის მოსახლეობისა და კომერციული სექტორის იმ ნაწილმა, რომელიც ცხოვრობს ან საქმიანობას ეწევა ისეთ კერძო სახლებში, თბილისულ ეზოებსა და მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში, რომელსაც სასმელი წყალი ღია კომუნიკაციებით მიეწოდება და აღრიცხვის კვანძები დამონტაჟებული აქვს ეზოებსა და ღია ტიპის ნაგებობებში. ამას გარდა, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, ძლიერი ყინვის პერიოდში, მკაცრ კონტროლს დააწესებს დედაქალაქის იმ ქუჩებზე, სადაც მეტად მოძველებული თუ ამორტიზებული ქსელებია და სადაც არ არის გამორიცხული, თავი იჩინოს ავარიულმა დაზიანებებმა. მოსალოდნელი დაზიანებების ოპერატიულად ლიკვიდაციას საგანგებო რეჟიმში მოემსახურება კომპანიის ცხელი ხაზი – 293 11 11 და ტექნიკური სამსახურები“,- აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.