თამარ ჩუგოშვილი: ორი კრიტერიუმი რის მიხედვითაც მოსამართლე შეფასდება, პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერებაა

„ორი კრიტერიუმი, რის მიხედვითაც შეიძლება მოსამართლე შეფასდეს არის პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება.  ეს ორივე არის თანაბრად მნიშვნელოვანი. 20 კანდიდატს მოუსმინა პარლამენტმა. ეს მოსმენები იყო ძალიან აუცილებელი და სასარგებლო. ჩემთვისაც პირადად, როგორც პარლამენტის წევრისთვის, ვინც გადაწყვეტილება უნდა მივიღო მოსამართლეებთან დაკავშირებით და ჩამოვყალიბდე თუ ვის დავუჭერ მხარს. დარწმუნებული ვარ პროცესი მნიშვნელოვანი იყო საზოგადოებისთვისაც”,-განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა ტელეკომპანია „იმედის” ეთერში უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ერთი წელია ქვეყანა  მოსამართლეთა შერჩევის პროცესს ღია წესით და ღია გასაუბრებებით გადის. პარლამენტში გასაუბრება კანდიდატებისთვის იყო საკმაოდ რთული პროცესი, სადაც მათ პარლამენტის წევრების, არასამთავრობო სექტორის და სხვა დაინტერესებული პირების შეკითხვებზე პასუხის გაცემა უწევდათ. მისივე თქმით, პროცესზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ოპოზიციამაც, საუბარი იმაზე, რომ მოსამართლეები არ უნდა დაინიშნონ, გამოიწვევს სასამართლო სისტემის კოლაფსს, რაც ვიცე-სპიკერის თქმით, დაუშვებელია.

„დღეს, უზენაეს სასამართლოს, მაშინ როდესაც მისი საჭიროებიდან და დატვირთულობიდან გამომდინარე უნდა ჰყავდეს 28 მოსამართლე, ყავს 8 მოსამართლე და ივნისამდე სამ მათგანს ვადა ეწურება. ანუ ქვეყანა რჩება 5 მოსამართლის ამარა. ამიტომ, იმაზე ლაპარაკი, რომ მოსამართლეები არ უნდა დაინიშნონ, ნიშნავს იმას, რომ სრული კოლაფსი უნდა მოხდეს სასამართლო სისტემაში. ამ სიაში არიან ადამიანები, რომლებმაც ძალიან კარგად გაიაროს გასაუბრება.  როგორც სამართლებრივ, ასე კეთილსინდისიერების ნაწილში ვფიქრობ, კარგად გაართვეს თავი და შესაბამისად, სასურველია ოპოზიციამაც პასუხისმგებლობა გამოიჩინოს და თქვას, რომ ვინაიდან სასამართლო არ უნდა გაჩერდეს, უზენაეს სასამართლოში ჩვენ მოსამართლეები უნდა გვყავდეს”,-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები