ხატია წილოსანი: საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების ეფექტური დაცვისა და კონტროლის სისტემის დანერგვა ხელს შეუწყობს ქვეყნის კულტურულ იდენტობას

სისტემის დანერგვა ხელს შეუწყობს ქვეყნის კულტურულ იდენტობას, ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას და ექსპორტის, შესაბამისად კი, შემოსავლების ზრდას, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების ეფექტური დაცვისა და კონტროლის სისტემის დანერგვა’’ წარდგენაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა იმ მიმართულების მხარდაჭერა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.

“გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ზოგადად, საქართველოს მთავრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა იმ მიმართულების მხარდაჭერა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, განსაკუთრებით კი, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომაროების გაუმჯობესებას. ვფიქრობ, ქვეყანაში ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის ეფექტიანი სისტემის შექმნა შესაძლებლობას მოგვცემს, მაქსიმალურად წარმოვაჩინოთ ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პოტენციალი. სისტემის დანერგვა ხელს შეუწყობს ქვეყნის კულტურულ იდენტობას, ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას და ექსპორტის, შესაბამისად კი, შემოსავლების ზრდას“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა.

როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა აღნიშნა, გეოგრაფიული აღნიშვნების და ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვისა და კონტროლის სისტემის დანერგვა მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის, ისე ქართული ტრადიციული, განსაკუთრებული თვისებების მქონე პროდუქტების პოპულარიზაციისთვის.
ევროკავშირის მიერ 1.5 მილიონი ევროს ოდენობით დაფინანსებული პროექტის “საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების ეფექტური დაცვისა და კონტროლის სისტემის დანერგვა’’ მიზანია, ევროკავშირის გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სისტემის დებულებებითა და ეფექტიანი დამხმარე ინსტრუმენტების შექმნის გზით, საქართველოში ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის განვითარების ხელშეწყობა. პროექტის ბენეფიციარი საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრია. აღნიშნული პროექტი 2021 წლის იანვრის ჩათვლით გაგრძელდება და მას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ეროვნული სამსახურები და მოცემულ სფეროში მათი პარტნიორები (იტალია და საფრანგეთი) განახორციელებენ.

ღონისძიებას საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ელჩი ენრიკო ბარტოლი, საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პროექტის ლიდერები და უცხოელი ექსპერტები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები