გიორგი ანდრიაძე: მთავრობა ვალდებულია, ფილმის – „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება გააუქმოს, ვინაიდან ის დაპირისპირებას იწვევს

პატრიარქის ფონდის მმართველი საბჭოს წევრის, გიორგი ანდრიაძის განცხადებით, მთავრობა ვალდებულია, ფილმის – „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება გააუქმოს. ამის შესახებ ანდრიაძემ „კვირასთან“ საუბარში განაცხადა.

„საერთაშორისო სამართლის ნორმით, მთავრობა ვალდებულია, გააუქმოს “ამირანში” დაგეგმილი კინოჩვენება – ვინაიდან ის დაპირისპირებას იწვევს.

სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია საერთაშორისო სამართლის მიხედვით, თუ ის საზოგადოებაში დაპირისპირების და ქვეყანაში არეულობის საფრთხეს ქმნის. ხელისუფლება ვალდებულია, უზრუნველყოს საზოგადოებრივი სიმშვიდე და ამ მიზნით შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება. საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტი იმეორებს საერთაშორისო სამართლის ამ ნორმას. გამოხატვის თავისუფლება შესაძლოა შეიზღუდოს „კანონით ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად”, – აცხადებს ანდრიაძე.

ცნობისთვის, „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი აცხადებს, რომ ის და მისი მომხრეების კინოთეატრებში ფილმის – „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის გამართვას არ დაუშვებენ, – ამის შესახებ ფალავანდიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ფალავანდიშვილის თქმით, ისინი აპირებენ დაიკავონ კინოდარბაზები და მოახდინონ კინოთეატრების შენობების პიკეტირება.
ასევე “ქართული მარშის“ ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ განაცხადა, რომ ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ“ კინოჩვენებას ჩაშლის. შსს -ში აცხადებენ, რომ “იმოქმედებენ კანონის ფარგლებში“.
ამასთან ბიზნესმენი ლევან ვასაძე ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების მოწინააღმდეგეებს 8 ნოემბერს ვერის ბაღში შეკრებისკენ მოუწოდებს.

„პარასკევს, 8 ნოემბერს, 16:00 საათზე ვერის ბაღში დავდგეთ ერთად ეკლესიისა და ქვეყნის სადარჯოზე. ჩვენ შევალთ კინოთეატრებში და არ მივცემთ მათ ამ სეანსების ჩატარების უფლებას. ჩვენ გავწევთ პოლიციის კორდონებს და მაინც შევალთ კინოთეატრებში. მოვუწოდებთ ჩვენს საამაყო პოლიციელებს, არ წავიდნენ ერის ტრადიციის წინააღმდეგ“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

ქართულ-შვედური ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენება საქართველოში 3 დღის განმავლობაში გაიმართება. ფილმი წელს შვედეთმა ოსკარზე გააგზავნა, თბილისში კი მასზე დასასწრები ბილეთები უკვე სრულად გაიყიდა.
“და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის, ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები