თბილისის მეხუთე „ბაროკო ფესტივალი“ გაიმართება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“, 13 ნოემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით, რიგით მეხუთე „თბილისის ბაროკო ფესტივალს“ გამართავს. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება კონცერტები, წარმოდგენები და შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან.
ფესტივალის თანადამფინანსებლები არიან: „შემოქმედებითი საქართველო“, თბილისის მერია და იტალიის საელჩო საქართველოში.
როგორც „კვირას“ „საქართველოს სინფონიეტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეა მუქერიამ აცნობა, ტრადიციულად, ფესტივალს სტუმრობენ მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები: დავიდე ამადიო (ჩელო, იტალია), სერჯო აცოლინი (ფაგოტი, იტალია), ბალაჟ მატე (ჩელო, უნგრეთი), ჟოზეპ მარია მარტი დურანი (თეორბო, ესპანეთი), დანიელ გარაი მორაგუესი (დასარტყამი საკრავები, ესპანეთი), ანსამბლი Fuoco E Cenere (საფრანგეთი), გ. ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტი და სხვა.
„ფესტივალს 5 წელი უსრულდება და გვსურს, რომ ის გამორჩეული იყოს. შესაბამისად წელს, კიდევ არაერთ სიახლეს ვპირდებით ჩვენს მსმენელებს. ამ მხრივ აღსანიშნავია პროექტი – „ცეკვა ბაროკოს მუსიკაში და თანამედროვე ქორეოგრაფია“, რომელმაც გაიმარჯვა და „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერა დაიმსახურა. აღნიშნული პროექტი ხორციელდება „თბილისის ბაროკო ფესტივალი 2019“-ის ფარგლებში.
პროექტის კონცეფცია ძველი და თანამედროვე ხელოვნების პერფორმატიული წარმოდგენაა. იგი ითვალისწინებს ექსპერიმენტულ, ძველისა და თანამედროვე ხელოვნების წარმოჩენას, რაც მოიცავს ერთი მხრივ ბაროკოს პერიოდის მუსიკის ავთენტურ შესრულებას, მეორე მხრივ თანამედროვე ქორეოგრაფიისა და ავანგარდული კოსტიუმებით შექმნილ ქართული თანამედროვე ხელოვნების ახალ ნიმუშს, ეს არის თანამედროვე ბალეტი “ფოლია”, რომელიც 24 და 25 ნოემბერს შედგება სამეფო უბნის თეატრში და მუსიკალურ-ქორეოგრაფიული წარმოდგენა “ძველებური ცეკვები” (კოსტიუმების მხატვარი – უტა ბექაია), რაც 18 და 19 ნოემბერს რუსთაველის მცირე სცენაზე გაიმართება. ქართველი და უცხოელი ხელოვანების კოლაბორაციით შეიქმნება თანამედროვე ხელოვნების უნიკალური ნიმუში და ახალი სიტყვა იქნება ქართულ თანამედროვე კულტურაში. აგრეთვე, მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში განხორციელდება “ძველებური ცეკვების” აუდიოჩაწერა, რაც ძალიან კარგი იქნება როგორც ქართული კულტურის ისტორიისთვის, ასევე მომავალი თაობისთვის.
ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია საინტერესო შეხვედრები საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ხელოვნების სასახლეში, ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ სახლ-მუზეუმში და საქართველოს ეროვნულ გალერეაში, რომელსაც ჩაატარებენ ისეთი სახელოვანი და ცნობილი ადამიანები, როგორებიც არიან: გია ბუღაძე (17 ნოემბერი), მარიამ ალექსიძე (22 ნოემბერი), გიორგი კალანდია (27 ნოემბერი), თამარ ჩხეიძე (10 დეკემბერი) და გიორგი კეკელიძე (11 დეკემბერი).
საფესტივალო კონცერტები გაიმართება რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე (13, 18, 19 და 26 ნოემბერი. 1, 3, 7 და 13 დეკემბერი) და სამეფო უბნის თეატრში (24, 25 ნოემბერი). დასაწყისი – 19:30 საათზე.
ფესტივალის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე: www.tbf.ge და სოციალურ ქსელში, Facebook: @tbf.ge
ბილეთების შეძენა შესაძლებელია მასპინძელი თეატრის სალაროში და ონლაინ www. biletbi.ge.

რაჟდენ ჯაიანის ფოტო

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები