,,დიმიტრი ერმაკოვი ირანში“ – წიგნის წარდგენა გაიმართება

15 ნოემბერს, 18:00 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმში წიგნის: ,,დიმიტრი ერმაკოვი ირანში“ წარდგენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს, წიგნი ეძღვნება საქართველოს მუზეუმის 100 წლის იუბილეს. პროექტის ავტორები არიან: ირინა კოშორიძე, ლიკა მამაცაშვილი, გრიგოლ ბერაძე.
„მეცხრამეტე საუკუნისა და მეოცე საუკუნის დასაწყისის გამორჩეული ფოტოგრაფი, ფოტოკოლექციონერი დიმიტრი ერმაკოვი (1842-1916) ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საქართველოში, კერძოდ თბილისში. მან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, მრავალჟანრობრივი ფოტომატიანე შექმნა, სადაც წარმოდგენილია როგორც საქართველო და თბილისი, ასევე მისი მოგზაურობის შედეგად ასახული კავკასია, თურქეთი, ირანი და სხვა რეგიონები.
დიმიტრი ერმაკოვის ფოტომატიანე მთლიანობაში მოიცავს ათობით ათას ფოტოანაბეჭდს, მინის ნეგატივებსა და ალბომებს. ეროვნული მუზეუმის ფოტოარქივში დაცულ ამ მასალაში განსაკუთრებით გამოირჩევა ერმაკოვის მიერ შექმნილი ირანის ფოტომასალა. წიგნში წარმოდგენილი ფოტოები ასახავს მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეების მიჯნაზე არსებულ ირანის ყოფას, სივრცეს, პორტრეტებს, ყაჯარულ ეპოქას. წიგნის სტრუქტურაც სწორედ ამ მიმართულებით აიგო. ერმაკოვმა ირანში სამჯერ იმოგზაურა, რამაც საშუალება მისცა მას დეტალურად დაეფიქსირებინა და სიღრმისეულად წარმოეჩინა ქვეყანა.
დიმიტრი ერმაკოვი ირანში კასპიის ზღვის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ ენზელიდან შევიდა და იმოგზაურა გილანის პროვინციიდან თეირანამდე, რეშთის და ყაზვინის გავლით, იყო შაჰის კარის ფოტოგრაფი და შეძლო სრულად გადმოეცა ირანის იმდროინდელი ყოფა, ისტორიული ძეგლები, მნიშვნელოვანი მოვლენები. ერმაკოვის მხატვრული ხედვა ძალზე თვითმყოფადი და დიდი ინფორმაციის მატარებელია; გამოირჩევა კომპოზიციისა და რაკურსების მრავალფეროვნებით, რაც ხასიათების და ყოფის დეტალებში წვდომის საშუალებას დღესაც გვაძლევს.
ერმაკოვის ფოტომატიანე, გარდა ისტორიული ღირებულებისა, სამეცნიერო დანიშნულებითაც გამორჩეულია და მნიშვნელოვან სინამდვილეს გვაცნობს ადრეული ფოტოგრაფიის შესახებ როგორც ირანში, ისე იმ ადგილებში, სადაც ის ფოტოარქივს ქმნიდა.
წიგნის პრეზენტაციაზე, საგამოფენო დარბაზში, წარმოდგენილი იქნება ციფრული ექსპოზიცია, სადაც დამთვალიერებელი გაეცნობა წიგნში თავმოყრილ ფოტოებს თემატური თანმიმდევრობით: სივრცე, ყოფა, პორტრეტები“, – აღნიშნულია ეროვნული მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მისამართი: თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები