ნათელა იანქოშვილის პორტრეტების გამოფენა გაიხსნა

ნათელა იანქოშვილის მუზეუმში ნათელა იანქოშვილის პორტრეტების გამოფენა გაიხსნა. საგანგებო ექსპოზიცია, რომელიც ორმოც ფერწერულ ტილოს აერთიანებს, რვა კვირას გაგრძელდება.
გამოფენა შესავალი სიტყვით გახსნა იანქოშვილის მუზეუმის მენეჯერმა ნინო დვალიშვილმა. სიტყვით გამოვიდნენ: მხატვარი ნუგზარ მელაძე და არტკრიტიკოსი გიორგი ლალიაშვილი. ამ უკანასკნელმა ყურადღება მიაპყრო ნათელა იანქოშვილის ხელოვნების მიმართ აღძრულ მზარდ ინტერესს ევროპასა და ამერიკაში. ბოლო შვიდი წლის განმავლობაში იგი გამოიფინა ბერლინში, კიოლნში, ბრიუსელში, სტამბოლსა და ნიუ-იორკში. 2012 წელს გერმანიაში გამოიცა ნათელა იანქოშვილის ნამუშევრების ალბომი, წლეულს, დეკემბერში კი, გერმანულ და ინგლისურ ენებზე გამოვა მამუკა ბლიაძის იანქოშვილისადმი მიძღვნილი ბიოგრაფიული წიგნი – „მხატვრის ცხოვრება იძულებასა და თავისუფლებას შორის“.
გიორგი ლალიაშვილმა ასევე ისაუბრა, თუ რით იმსახურებს იანქოშვილი ამგვარ ყურადღებას?
„უპირველესად იმით, რომ იგი არის უაღრესად ეროვნული და ამასთან ინტერნაციონალური ხელოვანი, რომლის მხატვრული ენა ნებისმიერი ქვეყნის მნახველში პოვებს გულწრფელ გამოძახილს.
იანქოშვილმა 60 წლის წინათ იმოგზაურა კუბაში და იმხანად შექმნა ფერადკანიან ადამიანთა სახეებისა და სხეულების მხატვრული აპოლოგია, მაშინ, როცა კომუნისტური ბანაკის ქვეყნებში ეს თემა არ ყოფილა ასერიგად აღქმული და ამეტყველებული.

გიორგი ლალიაშვილი

აღსანიშნავია, რომ არც კაპიტალისური ქვეყნებშის ხელოვანთ გამოუჩენიათ ასეთი გაუნელებელი ინტერესი ფერადკანიანთა მიმართ.
წინა საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს, როცა ჯიანი ვერსაჩემ ნაომი კემპბელი გამოიყვანა პოდიუმზე, ეს ყველამ დიდ აღმოჩენად შეაფასა. იანქოშვილმა კი თავისი ხელოვნებით სამი ათეული წლით გაუსწრო ამ „მიგნებას“ და ამ მხრივ იგი ერთ-ერთ წინამორბედად უნდა მივიჩნიოთ!
იანქოშვილმა ასობით პეიზაჟი და გრაფიკული ნამუშევრი შესძინა ქართულ ხელოვნებას, თუმცა, სრულიად უნიკალურია მისი გადაწყვეტილება, ფერწერულად აემეტყველებინა ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები. მან ფეხით შემოიარა მთელი საქართველო და ტილოზე შემოგვინახა ასზე მეტი არქიტექტურული ნიმუშის ხატი. მსოფლიო ხელოვნებაში იშვიათად იპოვით მსგავს შემთხვევას. სურათები, სადაც ეკლესია იყო გამოსახული, იმხანად, კომუნისტური ზეობის ხანაში, არავის სჭიდებოდა: ვერც გამოფენაზე გაიტანდი და არც მუზეუმი შეიძენდა.
მაშ, რა აიძულებდა მხატვარს, ამხელა დრო და სასიცოცხლო ენერგია მიეძღვნა იმხანად ყოვლად „გამოუსადეგარი“ სურათებისთვის?
ახლა, დროის სამანიდან უკეთ ჩანს, რომ მხატვარს მხოლოდ თავისი ქვეყნის სიყვარული ანიჭებდა ამ ძალას, მას მტკიცედ სწადა, რომ დავიწყებული ეკლესიის ნათელი კვლავაც დასჭირდებოდა ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოს. თენგიზ აბულაძის „მონანიებამდე“ გაცილებით ადრე წინასწარმეტყველებდა ტაძრამდე მისასვლელ გზას იანქოშვილი.
ერი და ბერი ვალშია ამ დიდი მხატვრის წინაშე და წარმოიდგინეთ, რა გრანდიოზულ სანახაობას მივიღებთ, თუკი ასზე მეტ ტაძარს ერთ საგამოფენო დარბაზში ვიხილავთ! მსგავსი გამოფენა ხომ ჯერ არსად გამართულა მსოფლიოში?! თუნდაც ამიტომაც არის ნათელა იანქოშვილი მსოფლიო მნიშვნელობის ხელოვანი, რასაც სათანადოდ იგრძნობს და დააფასებს ჩვენი გონიერი ახალი თაობა“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში გიორგი ლალიაშვილმა.
გამომსვლელები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ ეს გამოფენა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა ნახოს, განსაკუთრებით, ჩვენმა ახალგაზრდა თაობამ, რათა თვალცხადად შეიგრძნონ, თუ რას ნიშნავს, მოიპოვო ეპოქალური მხატვარის სახელი. ნათელა იანქოშვილმა ნახევარი საუკუნის განმავლობაში ხომ თავის თანამედროვე ქართველ მწერალთა და ხელოვანთა უმდიდრესი პორტრეტული გალერეა შექმნა. პირველად მან პაოლო იაშვილისა და ლეო ქიაჩელის პორტრეტები შეასრულა, რასაც მოჰყვა ასობით პორტრეტი, რომელიც ქართული ხელოვნების საგანძურს განეკუთვნება.
გამოფენა 8 კვირას გაგრძელდება ნათელა იანქოშვილის მუზეუმში (რუსთაველის პროსპექტი №26).

 

 


კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები