სერგი კაპანაძე: ჩვენ ვნახეთ, საქართველოს პრეზიდენტი შეწყალების უფლებას როგორ უპასუხისმგებლოდ მოექცა
ჩვენ ვნახეთ, საქართველოს პრეზიდენტი შეწყალების უფლებას როგორ უპასუხისმგებლოდ მოექცა,- ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.
“ჩვენ ვნახეთ როგორ უპასუხისმგებლოდ მოექცა საქართველოს პრეზიდენტი შეწყალების უფლებას, როგორი ადამიანები შეიწყალა მან. შემდეგ ვნახეთ ასევე, მეორე უპასუხისმგებლო ნაბიჯი მორატორიუმის გამოცხადება. პირველი ნაწილი, როდესაც მან შეიწყალა პოლიციელის, ახალგაზრდების მკვლელი ითხოვს სახელმწიფოს მხრიდან რეაგირებას. ამიტომ ჩვენ მივეცით ვადა პროკურატურას, რომ ეს საქმე ყოფილიყო გამოძიებული, მაგრამ რა თქმა უნდა არ გამოიძია. ამისი ილუზია არც არავის არ ჰქონდა. ამიტომ, ჩვენ მივმართავთ მეორე გზას, ანუ ამ საკითხის პარლამენტში გადმოტანას და იქ დისკუსიას. სწორედ ამიტომ, ჩვენ ეს პროექტი დავარეგისტრირეთ რაც გულისხმობს საგამოძიებო კომისიის შექმნას და ახლა შევეცდებით, რომ პარლამენტის ფარგლებში მივაღწიოთ ამ საქმის ბოლომდე მიყვანას”,- განმარტა კაპანაძემ.
შეწყალების საქმეზე “ევროპული საქართველოს” დადგენილების პროექტი ხვალ ბიუროს სხდომას წარედგინება. დეპუტატების ნაწილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ 28 აგვისტოს განხორციელებულ შეწყალებაში შესაძლო კორუფციულ სქემაზე საუბრობს. “ევროპული საქართველო” სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებული პირების შეწყალების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.