ნუგზარ თინიკაშვილი: ოკუპირებულ ახალგორში ქალი ჭაში ჩავარდნის შედეგად მძიმედ დაშავდა და თბილისის საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს ეუბნებიან

ოკუპირებულ ახალგორში ქალი ჭაში ჩავარდნის შედეგად მძიმედ დაშავდა და თბილისის საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს ეუბნებიან, – ამის შესახებ ახალგორის გამგებელმა, ნუგზარ თინიკაშვილმა განაცხადა.
“ოკუპირებული ახალგორიდან დამიკავშირდა ქალბატონი, რომელმაც მაცნობა, რომ მისი და, თამარ გიგაური ჭაში შვიდი მეტრის სიღრმეზე ჩავარდა, მრავლობითი მოტეხილობები აქვს და მძიმე მდგომარეობაშია. მიიყვანეს ახალგორის საავადმყოფოში, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება მისი ოკუპირებული ცხინვალში გადაყვანის თაობაზე. იქ არ აქვთ არც რენტგენი, არც შესაბამისი სპეციალისტები ჰყავთ და წარმოუდგენელია, რა დახმარება უნდა აღმოუჩინონ. ოჯახის და ნათესავების თხოვნის მიუხედავად, რომ ის დაუყოვნებლივ თბილისში გადმოეყვანათ, უარი უთხრეს და წაიყვანეს. ახლა იმყოფება გზაში ცხინვალის მიმართულებით. საქმის კურსში ჩავაყენე ყველა, როგორც ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურები, ასევე წითელი ჯვრის როგორც ცენტრალური, ასევე რეგიონული ოფისი. თუ მას ცხინვალში დატოვებენ და არ გადმოიყვანენ, სამწუხარო რეალობაა, მაგრამ შესაძლებელია ძალიან ცუდად დასრულდეს ეს”, – აღნიშნა თინიკაშვილმა.
მომხდართან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქმის კურსშია. მათი განცხადებით, აღნიშნული მოქალაქის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანის მოთხოვნით ცხელი ხაზია გააქტიურებული.
ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო, რამდენიმე დღის წინ, სათანადო სამედიცინო დახმარება ვერ გაეწია საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს, ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებ 70 წლის ქალს, რომელიც მოგვიანებით ოკუპირებულ ცხინვალში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები