ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით რამდენიმე ლოკაციაზე სამუშაოები მიმდინარეობს. გარე განათების პრობლემა, სასმელი წყლის სისტემის აღდგენა და საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია – ეს ის პრობლემებია, რომელთა მოგვარებაზეც ხელისუფლებამ მოსახლეობასთან შეხვედრების პარალელურად, მუშაობა უკვე დაიწყო.
სოფელ ბაბანეურის მკვიდრი, არჩილ მთივლიშვილი „რეგიონულ კვირასთან“ განმარტავს, რომ განათების არ ქონის გამო მთიდან სოფელში მგლები ხშირად ჩამოდიოდნენ. ადგილობრივის თქმით, აღნიშნული პრობლემა,ერთ-ერთი ის საკითხი იყო, რაც სოფლის მოსახლეობამ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ღია შეხვედრების დროს გამოთქვეს.
ნელი რჩეულიშვილიც სოფელ ბაბანეურის მკვიდრია და აღნიშნავს, რომ გარე განათება სოფლისთვის აუცილებელ საჭროებას წარმოადგენდა. მისი თქმით, ხშირია შემთხვევები, როცა ჩაბნელებული უბნები უპატრონოდ დარჩენილი ძაღლების თავშეყრის ადგილი ხდება, რის გამოც მოსახლეობას ღამით გარეთ გასვლა უჭირს.
ის,რომ სოფლის საჭიროებების გამოვლენა, მოსახლეობასთან შეხვედრებით უკეთესად ხდება შესაძლებელი, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიც აღნიშნავს. იოსებ ქარუმაშვილის თქმით, აღნიშნული შეხვედრების პარალელურად იმ საკითხებისს განხორციელება მიმდინარეობს, რაც პირველ რიგში უნდა მოგვარებულიყო.
ღია სახის შეხვედრები, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კახეთის რეგიონში ივლისის თვიდან დაიწყეს,შეხვედრების მთავარ მიზანს სოფლებში არსებული პრობლემების გამოკვეთა და მომავალი წლის ბიუჯეტში მათი მაქსიმალურად ასახვა წარმოადგენს.