პუტინის საყვარელი ქართული წარმოშობის მომღერალი ლატვიამ პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა

ქართული წარმოშობის რუსი მომღერალი გრიგორი ლეპსი, იგივე გრიგორი ლეფსვერიძე, ლიეტუვის შემდეგ, პერსონა ნონ-გრატად ლატვიაშიც გამოცხადდა.

ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩუსმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„სპეცსამსახურების შეფასებასა და სამიგრაციო კანონზე დაყრდნობით, გადავწყვიტე რუსეთის მოქალაქე გრიგორი ლეფსვერიძე ლატვიის რესპუბლიკისთვის არასასურველ მოქალაქეთა სიაში შემეყვანა და მას ლატვიაში შესვლა აეკრძალოს“, – დაწერა რინკევიჩმა.

3 მაისს ანალოგიური გადაწყვეტილება ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმაც მიიღო.

შესაბამისი თხოვნით, ქვეყნის საგარეოპოლიტიკურ უწყებას კონსერვატორთა პარტიის წევრები მიმართეს. დეპუტატები ლიეტუვის საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს მიმართეს, რომ შეიქმნას სამართლებრივი მექანიზმი, რომლის მიხედვით „დანაშაულებრივ ჯგუფებთან“ კავშირში მყოფ პირებს ქვეყანაში შესვლა აეკრძალება.

როგორც დეპუტატმა აუდრონიუს აჟუბალისმა განმარტა, „ლეპს საერთაშორისო მედიაში უწოდებენ რუსული მაფიის საყვარელ მომღერალს“, შესაბამისად, ლეპსი და სხვა მომღერლების ვიზიტი უნდა იყოს განხილული „ეროვნული უსაფრთხოების“ ჭრილში.

ლიეტუველი დეპუტატები ამბობენ, რომ 2013 წელს ლეპს ქვეყანაში შესვლაზე უარი აშშ-ში უთხრეს, რადგან ის დანაშაულებრივი დაჯგუფების „საძმო წრის“ წევრია.

ამავე მიზეზით მომღერალი ქვეყანაში 2016 წელს ბრიტანეთმა და 2018 წლის მაისში ისრაელმა არ შეუშვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები